2014 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ბიუჯეტი მილიონ 200 ათას ლარს მოიცავდა. ცენტრის ხელმძღვანელი დავით დობორჯგინიძე მიიჩნევდა, რომ ბიუჯეტის ეს მოცულობა საკმარისი არ იყო იმ მიზნების მისაღწევად, რაც ცენტრს გააჩნდა და სამომავლოდ მის ზრდას, სავარაუდოდ, 500 ათასი ლარით გეგმავდა.
დობორჯგინიძის მიერ ადგილობრივი ხელმძღვანელობისადმი წარდგენილი ბაღების ცენტრის ბიუჯეტის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნაცვლად 500 ათასი ლარისა, მხოლოდ 250 ათასი ლარით გაიზარდა.
გასულ ზაფხულს, სურსათის უვნებლობის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფმა დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის ვერც ერთი საბავშვო ბაღი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მდგომარეობის გამოსასწორებლად ცენტრს 15 ოქტომბრამდე დაუწესა ვადა, თუმცა, საქმეში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ჩაერთო და დათქმული დრო პირველ თებერვლამდე გადავადდა.
ცენტრის ხელმძღვანელი დავით დობორჯგინიძე მომავალს იმედიანად უყურებს.
_ ბაღებში ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია. ეკონომიის ხარჯზე, მონიტორინგის ჯგუფის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. მართალია, არ მოხდა ბიუჯეტის ზრდა იმ ვერსიით, როგორც მე მსურდა, თუმცა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერასა და გვერდში დგომას ვგრძნობ. ჩვენი ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვთა რაოდენობა სამასითაა გაზრდილი, ასევე, გაზრდილია საკვები პროდუქტების კალორიულობაც, სოფელ ხაჯალიაზე კი ბაღის აღსაზრდელები ახალ შენობაში გადაიყვანეს, _ თქვა დობორჯგინიძემ.