ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელიც 2011 წლის 2 ნოემბერს გაიმართა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის #49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სოფლის მხარდამჭერ პროგრამაში და ჯანდაცვასთან დაკავშირებით არის ცვლილებები, რის შესახებაც ცალკეულ ხელმძღვანელ პირებს მიმართა. სოფლების: შემოქმედის, ცხემლისხიდისა და გურიანთის რწმუნებულებმა ისაუბრეს, რაში გამოიყენებდნენ სოფლის პროგრამებიდან დანაზოგ თანხას. გაირკვა, რომ თითოეულ ამ სოფელში აღნიშნული ფორმით დარჩენილი თანხა, ძირითადად, საბავშვო ბაღების რემონტს მოხმარდება.
მამეშვილმა ჯანდაცვაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ აღნიშნა და დავით მდინარაძეს სთხოვა, კონკრეტულად მოეთხრო, რა ხდება ამ ეტაპზე “ავერსის” ახალ აშენებულ კლინიკასა და ასევე ძველ, ოზურგეთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ “ავერსის” კლინიკის მშენებლობა ნოემბრის ბოლოსთვის დასრულებული იქნება, უკვე დგას კომპიუტერული ტომოგრაფია. შემოტანილი იქნება ევროპული ყაიდის ინვენტარი, ძველი საავადმყოფო კი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შესაბამისად, უპატრონებენ: _ რაც შეეხება ტესტირებას, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მე კლინიკის დირექტორი ვარ. შემეძლო, არ გავსულიყავი გამოცდაზე, მაგრამ გავიარე ტესტირება და ჩავაბარე გამოცდა. სხვებმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიარონ ეს გზა, უნდა დამთავრდეს იმაზე საუბარი, რომ ვიღაც მიზანმიმართულად გაუშვეს სამსახურიდან და ვიღაც ჴ არა. 350 თანამშრომლიდან, სამსახური დატოვა ასრვამ, _ თქვა მდინარაძემ (“გურია ნიუსი” ამ კონკრეტულ და მწვავე საკითხზე, ვრცლად უახლოეს ნომერში მოგითხრობთ), _ რაც შეეხება ტუბერკულოზით დაავადებულებს, სახელმწიფო დღესაც აფინანსებს მათ, ისინი ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში სპეციალურ დისპანსერებში გადანაწილდნენ, _ თქვა მან.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ 6 მიმართულების სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, “ავერსის” კლინიკაში მოიყრის თავს. მან ისაუბრა, აგრეთვე, მიუღებელ ხელფასებზე, რაც იმან გამოიწვია, რომ სამი თვეა, სადაზღვევო კომპანიებს არ გადაუხდია თანხა.
თანამომხსენებელმა ლია ქათამიძემ ისაუბრა ბიუჯეტის პირველი ნოემბრისთვის 86,2%-ით შესრულებაზე. მან თქვა, რომ სამხედრო აღრიცხვის სამსახურისთვის გაიზრდება ბიუჯეტი, რადგან საწვავთან დაკავშირებით ხელმძღვანელებს პრობლემა შეექმნათ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთო მექვაბიშვილმა შენიშნა, რომ 3 800 წვევამდელია და 14 000 რეზერვისტი, ყველას სახლში უნდა მიაკითხო და ჭიშკართან მიუტანო კანონი! ამიტომ სამსახურს სჭირდება საწვავი და შესაბამისად, ცვლილებაც საჭიროა.
ქათამიძემ ისაუბრა წარმოდგენილი ორი პროექტის შესახებ, რომელიც შეეხებოდა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ქარისგან დაზიანებულ სახლებს. ქარმა ხეებიც წააქცია და ეს ხეები თუ გამოყენებული იქნება სახურავისთვის, 9 800 ლარით შემცირდება სახლების გადასახურავად მიმართული თანხა. ეს გადაწყვეტილება ყველამ მოიწონა და ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის მიმოხილვა კობა ხაბალაშვილმა წარმოადგინა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე და ბოლო საკითხი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის #27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე, _ პროექტი ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა, თანამომხსენებელი პეტრე სალუქვაძე იყო. აღნიშნულ საკითხს კენჭი წინააღმდეგობის გარეშე უყარეს.