ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს გაერთიანებულ ა(ა)იპ ხელმძღვანელის თანამდებობაზე სავარაუდო კანდიდატთა რიცხვი გაიზარდა.
ჯერ კიდევ ორი თვის წინ ანონსდებოდა, რომ ეს თანამდებობა გია ფირცხალაიშვილისთვის იყო გამიზნული, ბევრი მის დანიშვნას გარდაუვლად მიიჩნევდა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ფირცხალაიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, თავად მმართველ გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა.
შესაძლო კანდიდატთა სიაში, ასევე სახელდებოდა გამგებლის პირველი მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილის მეუღლე, ქალბატონი ეკა გავაშელაშვილიც.
ბოლო ინფორმაციით კი, კულტურის ცენტრის დირექტორობის კანდიდატთა სია, კიდევ ერთით გაიზარდა და სარწმუნო წყაროს ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე როლანდ ლაშხია მოიაზრება.
თავად ლაშხია, რომელიც წლებია სათავეში უდგას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს, ამბობს, რომ აღნიშნულზე არაოფიციალური საუბრები იყო, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
"არის ამაზე არაოფიციალურად საუბარი გარკვეულ წრეებში, თუმცა უშუალოდ გამგებელს ჩემთან ამ საკითხზე არ უსაუბრია. ბატონი ზაზა დღეს დაბრუნდა კიევიდან და ჯერჯერობით არ შევხვედრილვარ", – განაცხადა ლაშხიამ.