გოგი ცინცაძე ადრეული ასაკიდან ეზიარა სცენას და დღემდე ჩოხატაურის სახალხო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. ერკეთის საშუალო სკოლაში სწავლის დროს დრამატული წრის აქტიური წევრი იყო. ერთ-ერთ სასკოლო წარმოდგენას პიონერთა სახლის დრამატული წრის ხელმძღვანელი ლევან გავაშელიშვილი ესწრებოდა. ისე მოეწონა მოზარდის მიერ შესრულებული როლი, რომ სთხოვა პიონერთა სახლის დრამატულ ჯგუფში გაერთიანებულიყო, რაზედაც გოგი ცინცაძე სიამოვნებით დათანხმდა. იგი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით შეუდგა გერმანელი მაიორის როლის შესრულებას გ. ნახუცრიშვილის პიესაში “ბორის ძნელაძე”. ამ როლით გოგი ცინცაძე პირველად წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე და მაყურებლის დიდი ოვაცია დაიმსახურა.
სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ცინცაძემ სწავლა განაგრძო თბილისში, სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ: გაიოზ იაკაშვილი, როსტომ ყენია, ნუნუ გომართელი, ნათელა ურუშაძე და სხვები. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გოგი ცინცაძის სასცენო დაოსტატებაში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და ჩოხატაურის სახალხო თეატრში დაიწყო მუშაობა მსახიობად. პირველი როლი, რომელიც მას რეჟისორმა სანდრო რამიშვილმა შესთავაზა, იყო ბოქაულის როლი შალვა დადიანის პიესაში “გუშინდელნი”. მაყურებელმა ახალგაზრდა მსახიობი გულთბილად მიიღო. ამ დღიდან გოგი ცინცაძე სახალხო თეატრის თითქმის ყველა სპექტაკლში მონაწილეობდა. იგი გვერდს უმშვენებდა მსახიობებს: ვლადიმერ მგელაძეს, მუხრან ჩიჩუას, თამარ მახარაძეს, ზაურ კეკელიძეს, ლამარა დოლიძეს, ტიტე შარაშიძეს, ზაქრო სიხარულიძეს, შმაგი ოსეფაიშვილს და სხვა.
1975 წელს შეასრულა მიხაკო უჯმაჯურიძის როლი ალ. ჩხაიძის ორმოქმედებიან პიესაში “დაბრუნება”. ამ სპექტაკლით ჩოხატაურის თეატრმა რესპუბლიკურ დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა.
სპექტაკლის დამთავრების შემდეგ თეატრალური ხელოვნების მესვეურებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს _ დრამატურგი როსტომ ყენია: “ხუმრობა საქმე როდია იმ სცენაზე გამოსვლა, სადაც შეუდარებელ გმირთა სახეებს ქმნიდნენ ქართული თეატრის კორიფეები: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი, უშანგი ჩხეიძე, ნუცა ჩხეიძე, თამარ ჭავჭავაძე და სხვები. ვუყურებ და აღფრთოვანებული ვარ ჩოხატაურელი სცენისმოყვარეებით. ბარაქალა თქვენს შრომას და სცენისადმი სიყვარულს, ჩოხატაურელო თეატრალებო!”
კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილი: “სასიამოვნოა, რომ ჩოხატაურის სახალხო თეატრმა შესანიშნავი სპექტაკლი გვიჩვენა და არ უღალატა თეატრის მდიდარ ტრადიციას, წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს”.
რეჟისორი გაიოზ იაკაშვილი: “კარგი ანსამბლურობა, თვითმყოფადობა, დიდი ოსტატობა გვიჩვენეს ჩოხატაურის სახალხო თეატრის მსახიობებმა, ჭეშმარიტად კმაყოფილი ვარ დამდგმელი კოლექტივის დაკვირვებული მოღვაწეობით”. ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი არჩილ ჩხარტიშვილი, შეაჯამა შედეგები და ჩოხატაურის სახალხო თეატრის სპექტაკლს “დაბრუნება” პირველი ხარისხის დიპლომი გადასცა, გოგი ცინცაძე კი ფესტივალის ლაურეატი გახდა.
1978 წელს რეჟისორმა სანდრო რამიშვილმა წარმატებით დადგა პოლიკარპე კაკაბაძის კომედია “კოლმეურნის ქორწინება”. გოგი ცინცაძემ ამ სპექტაკლში ლომკაცას როლი შეასრულა და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა. ჩოხატაურის სახალხო თეატრის სცენაზე ხალხური შემოქმედების მეთოდური ცენტრის რეჟისორმა, ზურაბ ხვედელიძემ დადგა აკ. გეწაძის პიესა “შუაზე გაყოფილი ცრემლი”. სპექტაკლში გოგი ცინცაძემ მისთვის ჩვეული უშუალობითა და გარდასახვის დიდი ოსტატობით შეასრულა ყარამანის როლი. ჩოხატაურის თეატრი ამ სპექტაკლით თბილისში მოზარდ მაყურებელთა თეატრში თვითმოქმედი კოლექტივების დათვალიერებაზე წარსდგა, სადაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, ხოლო გოგი ცინცაძემ მეორედ მიიღო ლაურეატობა.
ჩოხატაურის თეატრის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს. სწორედ ამ სასიქადულო მწერალს მიმართა გოგი ცინცაძემ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ და ჩოხატაურის სახალხო თეატრში დადგა “თეთრი ბაირაღები”. შეიძლება ითქვას, რომ ეს სპექტაკლი არ ჩამოუვარდებოდა საქართველოს სხვა თეატრებში დადგმულ წარმოდგენებს. თავად გოგი ცინცაძე სპექტაკლში ჭეიშვილის როლს ასრულებდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იგი არის თითქმის ყველა მის მიერ დადგმული სპექტაკლების მხატვრული გამფორმებელი, რაც მის შემოქმედებით ნიჭსა და ფანტაზიაზე მიუთითებს.
გოგი ცინცაძე წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრში, ხოლო ჩოხატაურელი თეატრალური ხელოვნების მოყვარე საზოგადოების მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა მის მიერ შესრულებული როლები.
გოგი ცინცაძის მიერ შესრულებული არც ერთი როლი არ ჰგავს ერთმანეთს, იგი სხვადასხვა სახის, სხვადასხვა ჟანრისაა, რომელსაც მსახიობი ყოველთვის ერთნაირი სიძლიერით ასრულებს. მაყურებელი დღემდე მხურვალე ტაშით ხვდება მის გამოჩენას სცენაზე. გოგი ცინცაძემ ჩოხატაურის სახალხო თეატრის სცენაზე რამდენიმე პიესა დადგა, რითაც საშუალება მიეცა კიდევ უფრო მეტად გამოვლენილიყო მისი შემოქმედებითი ნიჭი. გოგი ცინცაძე თეატრის მოყვარულებს, სამომავლოდ მრავალ საინტერესო როლსა და სპექტაკლებს ჰპირდება.