საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა დაამთავრა ერთობლივი შეკრება ავსტრიულ მიტერშილში და თბილისში დაბრუნდა. ეს იყო ევროპის ძიუდოს კავშირის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი კემპი, სადაც 16 ქართველიც იმაღლებდა ოსტატობას. მათ შორის ნაკრების ყველა ლიდერი იყო.
ახლა ისინი ნაკრეგბის სათადარიგო წევრებს შეუერთდებიან და მათთან ერთად გააგრძელებენ შეკრებას. ვინაიდან ნაკრების ბაზაზე _ ძიუდოს აკადემიის შენობაში რემონტია (ის "თბილისი-2015" ერთ-ერთი მასპინძელი არენაა), ამიტომ ძიუდოისტები ვაკეში, თავის ყოფილ დარბაზში ვარჯიშობენ, რომელიც ამჟამად სამბისტთა განკარგულებაშია. გუნდი 7-8 თებერვალს სოფიაში გასამართავი "ევროპის ღია თასისთვის" ემზადება. ბოლო დღეებში გაირკვა, რომ ჩვენები მომდევნო უქმეებზე _ 14-15 თებერვალსაც იჭიდავებენ. ამჯერად – რომში, იმავე რანგის შეჯიბრებაში, ხოლო 21-22 თებერვალს დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" გამოსვლას რომ გეგმავდნენ, ეს ადრევე იყო ცნობილი.
გუნდის მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ამ ტურნირებზე წასაყვანი შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა კულუარული ხმებით, ლიდერები გერმანიაში იასპარეზებენ, სოფიასა და რომში კი სათადარიგოები წავლენ.