კომუნისტური პარტია, მოქალაქეთა კავშირი, "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული პარტია", "სახალხო კრება" "ბურჯანაძე-დემოკრატები"… _ ეს ის პარტიებია, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატისთვის "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან", მამია ბარამიძისთვის რამდენიმე თვით (ზოგი რამდენიმე წლით) მშობლიური გახდა.
"გურია ნიუსისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ბარამიძემ იცის კი აღნიშნა, რომ პარტიაში მხოლოდ ჯამაგირისთვის იყო და არა კონკრეტული იდეისთვის და მიზნისთვის.
დაბა ჩოხატაურის შევარდნაძისდროინდელი გამგებელი დღეს საკრებულოში, ოფიციალურად ოპოზიციას წარმოადგენს, თუმცა, ამ მთავრობასთან შეკითხვები და პრეტენზიები არ აქვს.
სამაგიეროდ პრეტენზიები აქვს "გურია ნიუსთან", რომლის მიერ დასმული შეკითხვები მამია ბარამიძეს ძალიან აღიზიანებს:
_ თქვენ ვინ გეკითხებათ? საწერი გამოელია "გურია ნიუსს? რა თქვენი საქმეა ვინ სად დაინიშნება და რატომ? _ ასე უპასუხა მამია ბარამიძემ ჩვენს შეკითხვას _ რა დამსახურებით დაინიშნა სამუზეუმო გაერთიანებაში მნეს თანამდებობაზე.
სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი შოთა ჩანტლაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბატონ მამიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა:
_ ჩემთან მოვიდა, სიტყვიერად მთხოვა, რომ დამესაქმებინა. ხელმძღვანელობა ჩავაყენეთ საქმის კურსში და დავნიშნეთ, _ გვითხრა ჩანტლაძემ, რომლის დაზუსტებით, ბარამიძის დანიშვნის შესახებ თანხმობა გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსისგან გელა ლომინეიშვილისგან მიიღო. ცხადია, ლომინეიშვილი ამ გადაწყვეტილებას გამგებლის ირაკლი კუჭავას გარეშე ვერ მიიღებდა.
მისივე თქმით, ბარამიძემ ჩოხატაურში არსებული მუზეუმები უნდა მოინახულოს, გაარკვიოს სად რა პრობლემაა:
_ იმას გააკეთებს რასაც მე ვაკეთებდი. ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.
_ და მამია ბარამიძემ პრობლემები უნდა მოგვაროს?
_ ერთად უნდა მოვაგვაროთ. მეტყვის სად რა ხდება და…
_ ბატონო შოთა, მაშინ როცა შტატები მცირდება, როცა ბიუჯეტი შემცირებულია, რამ გამოიწვია მუზეუმში ახალი შტატის დამატების აუცილებლობა, მით უმეტეს, რომ ახალი მუზეუმი არ გახსნილა?
_ ხო, რა ვიცი, ბატონმა მამიამ შემომთავაზა და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა. თან მეცნიერი კაცია და გამოვიყენებთ მის შესაძლებლობებს.
_ მეცნიერებას რა კავშირი აქვს მნესთან, რომელიც ძველი გაგებით, მოურავს ნიშნავს?
_ კი, მოურავია ძველი გაგებით. უამრავი რამეა და ბატონი მამია კარგი კადრია ნამდვილად, _ გვითხრა ჩანტლაძემ, რომლის თქმით, მუზეუმში მუშაობის დაწყების სურვილი ბევრს აქვს, თუმცა, არჩევანი ბარამიძეზე შეჩერდა:
_ ხელშეკრულებით ავიყვანეთ. თუ საქმეს ვერ გააკეთებს, წავა, _ დაგვიზუსტა ჩანტლაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ამბობს, რომ ბარამიძე კვალიფიციური კადრია და მისი მუშაობა სამუზეუმო გაერთიანებისთვის წარმატებული იქნება.
თავად ბარამიძე, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილების გასახორციელებლად ყოველთვიურად 550 ლარი ეძლევა, ამბობს, რომ ორ-ორ სამსახურში საკრებულოს სხვა დეპუტატებიც მუშაობენ.
როგორც გავარკვიეთ ასეთი მხოლოდ ორია _ რამაზ უჯმაჯურიძე და არჩილ სიხარულიძე, რომლებიც საფეხბურთო კლუბ "ბახმაროში" მწვრთნელებად წლებია მუშაობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, საკრებულოს დეპუტატი, გამგებლის ყოფილი მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე ამბობს, რომ დეპუტატების ააიპ-ებში დასაქმება მათი ხელისუფლების შეცდომა იყო:
_ საკრებულოს დეპუტატების ააიპ-ებში დასაქმება ჩვენი ხელისუფლების ძალიან ცუდი პრაქტიკა და შეცდომა იყო და ახალმა ხელისუფლებამ ეს შეცდომები არ უნდა გაიმეოროს, _ აღნიშნა კორიფაძემ.