ჯუმათის მონასტრის გაბრიელ მთავარანგელოზის დაკარგული ხატიდან მოხსნილი ათი მედალიონიდან ცხრა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში (ნიუ-იორკი), ერთი, წმინდა დიმიტრის მედალიონი კი ლუვრში (პარიზი) ინახება.
მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ჯუმათის მონასტერი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მდებარეობს _ ზღვის დონიდან 492 მ. მონასტრიდან ფაქტობრივად მთელი დასავლეთ საქართველო ჩანს: კოლხეთის დაბლობი, კავკასიონი, პალიასტომის ტბა, აჭარის სანაპირო ზოლი.
მთავარი ტაძარი, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლია ადრეფეოდალური ხანით თარიღდება, მოხატულობა XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება.
ლეგენდის თანახმად ჯუმათში ეკლესიის დაარსება უკავშირდება პალიასტომის ტბის გაჩენას და მიმდებარე „პავლიას ტომის“ წარღვნის შედეგად ტბაში დაძირვას. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, გვარად დარჩია, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს, ხოლო დიაკვანი ტაძრის დეკანოზად დააყენეს.
ჯუმათის მონასტერი არაერთი ქართველი და უცხოელი მეცნიერისა თუ მოგზაურის ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ცნობები მონასტრის შესახებ დაცულია ვახუშტი ბატონიშვილის, იოჰან გიულდენშტედტის, ჟაკ ფრანსუა გამბას, მარჯორი უორდროპის ნაშრომებში.
მონასტრის და მისი ადგილმდებარეობის შესახებ პირველი ცნობა ვახუშტის ეკუთვნის.
მონასტრის პირველი სრულყოფილი აღწერა ეკუთვნის ქართველ ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს.
მან ჯუმათის მონასტერი 1878 წელს აღწერა: „ჯუმათის ტაძარი ჩახატაურის დაბალი ქედის ერთ-ერთ თხემზე დგას. ეს მწვერვალი სიმაღლით ახლო-მახლო მწვერვალებიდან მხოლოდ სამებას ჩამოუვარდება. ჯუმათის ტაძარი 18 ვერსითაა დაშორებული ოზურგეთს, საიდანაც იქით მიმავალ გზას კვეთს მდინარეები ნატანები, სკურდები და სუფსა, საიდანაც ასე რვა ვერსი საკმაოდ საგრძნობი აღმართია …. ზედ მწვერვალზე ჩემ წინ გადაიშალა დიდებული სანახაობა, რასაც არ ველოდი. ყოველ შემთხვევაში მე თითქმის მთელი მხარე მომივლია და უნდა გამოგიტყდეთ, რომ არსად მთელ კავკასიაში არ შემიძლია დაგისახელოთ ისეთი ფართო ჰორიზონტი, როგორსაც აქედან ვჭვრეტდი ორი დღის განმავლობაში“ _ წერს ისტორიკოსი.
1877-78 წლებში ჯუმათის მონასტერი მოინახულა დიმიტრი ერმაკოვმა, რომელმაც ფოტოზე აღბეჭდა მონასტერი და მისი სიძველეები. 1890-იან წლებში ჯუმათის მონასტერი მოინახულეს და აღწერეს ოლივერ და მარჯორი უორდოპებმა.
ჯუმათი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. იყო ჯუმათის საეპისკოპოსოს ცენტრი XV-XIX საუკუნეებში. ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს სუფსასა და რიონს შორის. ჰქონდა დიდძალი ქონება და ძვირფასი ხატები. საეპისკოპოსო კათედრის დაარსებამდე ჯუმათში მონასტერი იყო.
ჯუმათის მონასტერსა და საეპისკოპოსოს ასახელებს გერმანელი მეცნიერი იოჰან გიულდენშტედტი, რომელმაც 1768-74 წლებში იმოგზაურა საქართველოში: „შამოქმედის მონასტრის გარდა მნიშვნელოვანი ადგილები გურიაში არის ჯუმათი და ხინო… ქვეყანას ჰყავს ორი ეპისკოპოსი, სახელდობრ ეპისკოპოსი შამოქმედელი და ჯუმათელი, რომელთაგან პირველი ზის შამოქმედის მონასტერში, მეორე კი — ჯუმათის მონასტერში“
ჯუმათის მონასტერს ეკუთვნოდა 235 კომლი გლეხი, რომლებიც იხდიდნენ 223 ქილა ღომს, 280 საწყავ ოთხდოქიან (დაახ. 20 ლიტრი) ღვინოს, 800 ქათამს, 600 კვერცხს, 12 ქილა ლობიოს. ამის გარდა მონასტერს ყმა გლეხები ჰყავდა ჩოჩხათში, ეკუთვნოდა ტყე და წყალი მალთაყვაში და იღებდა მეათედს პალიასტომის ტბაზე მოწეული თევზიდან.
ჯუმათის საეპისკოპოსო 1827 წელს გაუქმდა, რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. 1833 წელს მონასტრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი იოსები. მის გარდა მონასტერში იყო ერთი იღუმენი, თორმეტი მღვდელი, ოთხი დიაკვანი და არქიმანდრიტი ანთიმოსი.
1844 წლიდან დაარსდა გურიის ეპარქია. საეპისკოპოსო კათედრა ჯუმათში დადგინდა. გურიის ეპისკოპოსი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში.
1860 წელს ეპისკოპოსი გაბრიელ ტუსკია ითხოვდა რეზიდენციის ოზურგეთში გადატანას, მაგრამ ოზურგეთში შენობის გამონახვა ვერ მოხერხდა და 1886 წლამდე ჯუმათი ითვლებოდა ეპარქიის კათედრად და რეზიდენციად.
მონასტერი მოიცავს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას, გალავანს, სენაკებსა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. მისი აგების თარიღი უცნობია.
დიმიტრი ბაქრაძემ ის შემოქმედზე ადრინდელად 1847 წელს ის რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. იმავე წელს სამხრეთის მხრიდან მიუშენებიათ ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერი, დასავლეთიდან კი კარიბჭე. ტაძრის დასავლეთ ფასადზე მიშენებულია სამრეკლო (1904 წ.).
სამრეკლოზე მხედრულად შესრულებული წარწერაა: „1904 წ. ხელობა ივანე მენაბდისა, არქიმანდრიტი ა. გერასიმე დარჩიასაგან“.
მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. გალავანში ჩაშენებულია კიდევ ერთი სამრეკლო. სამრეკლოს კვადრატულ საფუძველზე ამოყვანილი იყო მაღალყელიანი, ექვსსარკმლიანი, ქვით ნაშენი გუმბათი, რომლის ზედა დანგრეული ნაწილი ბოლო დროს აღადგინეს. სამრეკლოდანაა შესასვლელი მონასტრის ეზოში.
ჯუმათის მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, რომლებიც საყურადღებოა არა მხოლოდ როგორც ხელოვნების ნიმუშები, არამედ ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი ისტორიული წარწერებითაც.
1833 წელს საქართველოს ეგზარქოსი მოსეს დავალებით შემოქმედის მონასტრის არქიმანდრიტმა არსენ მგალობლიშვილმა და დეკანოზმა იოანე გოგიტიძემ შეადგინეს გურიის სასულიერო და საეკლესიო ცხოვრების მიმოხილვა. მოხსენებაში დეტალურად იყო აღწერილი ჯუმათის მონასტრის მდგომარეობა. ამ დროისთვის მონასტერში დაცული იყო შვიდი ძვირფასი ხატი, ასევე ბარძიმი, ჯვარი, ფეშხუმი, საცეცხლური და ორი წყება სამღვდელმთავრო შესამოსელი.
1873 წელს დიმიტრი ბაქრაძეს ადგილზე არ დახვედრია მონასტრის დავთარი, რომელიც მონასტრის სხვა უძრავ ქონებასთან ერთად ქუთაისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების სამმართველოს ჰქონდა გადაცემული. მან აღწერა ტაძარში ნანახი გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზის ხატები.
ორთავე ხატი XI საუკუნითაა დათარიღებული.
1889 წელს დიმიტრი ბაქრაძემ ნიკოდიმ კონდაკოვთან ერთად კვლავ აღწერა მონასტრის სიძველეები. ამჯერად ბაქრაძეს ადგილზე არ დახვედრია მთავარანგელოზთა ხატები.
კონდაკოვის თანახმად ორივე ხატი წაღებულია მონასტრიდან 1880-იან წლებში. ისინი ან გატაცებულია, ან მთლიანად გადადნობილი, ხოლო მედალიონები კი რუსეთში გაყიდული.
ხატები ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრებიდან გაიტანა საქართველოს ეგზარქოსთან დაახლოებულმა თბილისელმა სომეხმა ფოტოგრაფმა სტეფანე იურის ძე საბინ-გუსმა, რომელმაც 1881 წელს თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, რათა დასავლეთ საქართველოს მონასტრებიდან რესტავრაციის მიზნით გაეტანა საეკლესიო სიძველეები.
1882 წლის 25 მაისს მონასტრის მღვდელმა დიმიტრი ჭყონიამ სინოდალურ კანტორას აცნობა, რომ საბინ-გუსს გადასცა მოთხოვნილი სიძველეები. საბინ-გუსს ხატები უკან არ დაუბრუნებია, მან შემოქმედის მონასტერში დააბრუნა მხოლოდ ვერცხლის დაფაზე დაკრული ჯუმათიდან წაღებული ხატის ექვსი მედალიონი.
ხატის სიგრძე იყო 1 არშინი და 8 გოჯი, ხოლო სიგანე 8 გოჯი. ხატი თავიდან ბოლომდე გაპობილი იყო. მოჭედილობაზე მინანქრის 10 მედალიონი იყო. მედალიონის წარწერა ბერძნულია, ხელობა _ ქართული. შარავანდის ირგვლივ შემოვლებულ ოქროს სირმებიან წრეში ოქროთივე ასომთავრულად ნაწერი წარწერა იკითხება „წმინდა გაბრიელ მთავარო“.
ხატის ქვედა არშიის ნაფლეთზე ასომთავრული წარწერაა: „სვანთ ერისთავი და მანდატურთუხუცესი, იოანე, მსახურთუხუცეს მთავარი. ესე ხატი მოიჭედა დეკანოზისა დარჩიეისა ხელითა შეუნდოს ღმერთმან.“
იოანე ვარდანის ძე ასევე იხსენიება ლაბეჭინის მთავარანგელოზის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში.
ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით ეს ის იოანე ვარდანისძეა, რომელიც გიორგი III-ს დროს ცხოვრობდა და რომელიც 1177 წელს დემნა უფლისწულის აჯანყებაში, შემდგომში კი გიორგი რუსის აჯანყებაში მონაწილეობდა.
მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ხატის მოჭედილობა ოქროსი იყო. სიგრძე 1,5 არშინი, სიგანე კი 1 არშინი იყო. ქვემო ნაწილი სიძველის გამონაფლეთებად იყო ჩამოკიდებული. მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში ამოწვდილი მახვილი უპყრია, მარცხენაში _ ქარქაში. თმა ხუჭუჭი აქვს, ტანთ ჯაჭვი აცვია, მხრებზე ყაბალახის მაგვარი რამ აქვს მოგდებული, მკერდზე შეკინძული. არშიებზე ათი მინანქრის მედალიონია ნაირფერი ფონით.
წარწერები ქართულია, ძალზე წვრილი ოქროს სირმებით შესრულებული. მთავარანგელოზს თავზე შარავანდი ადგას. მასზე სამი მსხვილი თვალი ზის: ფირუზი და ორი მარგალიტი.
შარავანდის გვერდებზე ორი მოზრდილი მინანქრის მედალიონია ცისფერ ფონზე, ოქროს სირმით შესრულებული წარწერით. ზურგზე გაშავებულ ვერცხლის ფირფიტაზე წაწერაა: „ჰოი, შენ მთავარანგელოზო მიქაელ, მეოხ ეყავ შემამკობელსა შენსა ერისთავთ-ერისთავსა და სუანთა ერისთავს გიორგი გურიელსა (ლომკაცსა) და მეუღლესა დედოფალთ დედოფალსა და ჩვენსა შვილსა“
ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვარის მკლავებზე წმინდანები იყვნენ გამოსახულნი. ჯვარი ძვირფასი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტერს გიორგი გურიელმა და მისმა მეუღლე ხვარამზემ შესწირეს.
ტვიფრული მინანქრის უნიკალური ნიმუში, მთავარანგელოზების ხატი, დღეს დაკარგულია.
მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი ტვიფრული მინანქრის უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენდა. გამოსახულების კონტურები შესრულებული იყო ოქროს ზედაპირის ჩაღრმავებული ფონით და იგი ამოვსებული იყო ფერადი მინით. კონდაკოვი და ბაქრაძე ხატს XIII-XIV საუკუნეებს აკუთვნებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ იგი მხატვრული თვალსაზრისით ენათესავებოდა გელათის მაცხოვრის ხატის მინანქრებს. დღეს ხატი დაკარგულია.
ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წმინდა გიორგის ოქროში ნაჭედი ხატი. იგი პირველად დიმიტრი ბაქრაძემ აღწერა. 1889 წელს სრულად აღწერა კონდაკოვმა. ჩვენამდე მოაღწია ხატის მხოლოდ ფოტომ, რომელიც ერმაკოვმა გადაიღო. წმინდა გიორგი ხატზე გამოსახული იყო სრული სახით, ფარით ხელში, ცხენის გარეშე.
ჯუმათის მონასტრის კუთვნილი ერთი ხატი ექვთიმე თაყაიშვილმა 1910 წელს აღმოაჩინა სვანეთის სოფელ სვიფში, წმინდა გიორგის ქვის ეკლესიაში. ეს იყო მთავარანგელოზ მიქაელის ოქროთი დაფერილი ვერცხლის ხატი, ნაჭედი, 16*12 სანტიმეტრი ზომის.
მთავარანგელოზი რომაული საომარი ტანისამოსი თარის წარმოდგენილი, მარჯვენა ხელში ქარქაშიდან ამოწვდილი მალი უჭირავს, მარცხენაში _ ქარქაში. თმა შუბლს ფარავს და კიკინებად ჩამოდის ყელამდე, ფრთები ზომიერი აქვს. აშიები მოგრძო უჯრედებადაა დაყოფილი, ბალახოვანი, ლამაზი ორნამენტით არის შემკობილი. ხატს სახელი ზემოთ ბერძნულად ეწერა.
ზემო აშიაზე ჰქონდა ასომთავრული წარწერა ჯუმათის მთავარანგელოზი, ხოლო ქვემოთ იყო მეორე წარწერა: „ჯუმათისა მთავარანგელოზო, მეოხ ექმენ ბერსა კოტრიძესა“.
მინიატურა ადიშის ოთხთავიდან, რომელიც ნიკოლოზ ჯუმათელმა კლარჯეთიდან ჯუმათში გადაიტანა, ხოლო შემდეგ სვანეთში მოხვდა ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.
მონასტრის მამასახლის ნიკოლოზს უმოგზაურია კლარჯეთში დაიქიდან ჯუმათში ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება ადიშის ოთხთავი, უდაბნოს მრავალთავი, ხელთ-კანონი და კითხვა-მიგება. ნიკოლოზ ჯუმათელი XV-XVI საუკუნის მოღვაწე უნდა იყოს, XVI-XVII სს-ში ადიშის ოთხთავი უკვე სვანეთში ჩანს. ჯუმათში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.
ჯუმათის სიძველეებს შორის აგრეთვე იყო: გიორგი გურიელის და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი ვერცხლის კუბოთი; მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდის ირგვლივ 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა, ხოლო ხატის კარედზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების მოღვაწეობის სცენები იყო გამოხატული; მარეხ ანთიძის შეწირული მაცხოვრის მოოქროული ვერცხლის ხატი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებით; გიორგი გურიელის, მიძიძმა ლომასა და მეუღლე ადასუჯანის მიერ შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი; კახაბერ გურიელის მიერ შეწირული გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი.
XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაიძარცვა.
1905 წლის 5 აგვისტოს მოიპარეს ძვირფასი ქვები და ხატები სულ 40 000 მანეთი ღირებულებისა. იმავე წლის 4 სექტემბერს გაიმართა კრება, რომელსაც 34 ათასი კაცი ესწრებოდა. კრებამ შეპყრობილი დამნაშავეები გაასამართლა, მაგრამ სასჯელი (დამნაშავეებს ერთი წლით ბორკილი დაედოს, ზურგზე დაეწეროს დანაშაული და სხვა სოფელში იცხოვრონ) არ აღსრულებულა.
1921 წელს გაიტაცეს და თბილისში, ბაზრობაზე ნაწილ-ნაწილ გაყიდეს წმინდა გიორგის ხატი.
ღვთისმშობლის ხატიდან აღებული 18 გირვანქა ვერცხლი სოფლის მოსახლეობამ კლუბის მშენებლობას მოახმარა. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო შემორჩენილი.
ამავე წელს შალვა ამირანაშვილმა და აკაკი შანიძემ გურიაში გადარჩენილი სიძველეები შეკრიბეს. მათ ჯუმათის მონასტრიდან თბილისში, ხელოვნების მუზეუმში ჩაიტანეს ხატის ნაკერი ბუდე და ძვლის კვერთხის თავის ნაწილი, ხოლო ოზურგეთში, გურიის საეთნოგრაფიო მუზეუმში დატოვეს XVIII საუკუნის უყდო ნაკლულევანი მარხვანის ხელნაწერი.
მონასტრის სიძველეები კონდაკოვმა აღმოაჩინა პეტერბურგელ და მოსკოველ კოლექციონერებთან, ზვენიგოროდსკისთან, ბოტკინთან, ბალაშევთან.
წმინდა გიორგის მედალიონი მოხვდა ბობრინსკის კოლექციაში, ხოლო 1915 წლიდან ბარონ შტიგლიცის სასწავლებლის მუზეუმში. 1924 წლიდან ეს მედალიონი ერმიტაჟში ინახება. მაცხოვრისა და წმინდა დემეტრეს მედალიონები მ. ბოტკინის კოლექციაში ინახებოდა.
1923 წელს ბოტკინისთვის ჩამორთმეული ძვირფასეულობა სახელმწიფო საგანძურში ინახებოდა. მისით შალვა ამირანაშვილი დაინტერესდა, მაგრამ განძეულობის გატანაზე თანხმობა ვერ მიიღო.
საბოლოოდ ამირანაშვილმა საქმეში უშუალოდ სტალინი ჩართო და ბოტკინის კოლექციის საქართველოში წაღების უფლება მიიღო. ამჟამად ისინისაქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.
წმინდა თევდორეს მედალიონი პეტერბურგში რუსულ მუზეუმშია დაცული.
გაბრიელ მთავარანგელოზის ხატებიდან დაკარგული მედალიონები საბინ-გუსისგან რუსმა კოლექციონერმა ზვენიგოროდსკიმ 30 000 ოქროს მანეთად შეიძინა.
რუსეთის იმპერატორის ბრძანებით კონდაკოვი საქართველოში იქნა მივლინებული, რათა მას აღერიცხა ქართული მონასტრებიდან დაკარგული განძი.
ბაქრაძემ და კონდაკოვმა შეადგინეს დაწვრილებითი ანგარიში და მოხსენება, სადაც ითხოვდნენ მძარცველთა დასჯას და კოლექციონერთაგან ძვირფასეულობის მონასტრებში დაბრუნებას. საქმეს მსვლელობა არ მიეცა.
კოლექციონერ ზვენიგორდსკის სურდა, ერმიტაჟისთვის მიეყიდა ჯუმათის ძვირფასეულობა, მაგრამ ერმიტაჟის ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ კოლექციონერი უფასოდ დათმობდა მათ და ფული არ გადაიხადა.
ზვენიგოროდსკიმ სიძველეები კოლექციონერ ჯ. პირპონტ მორგანს მიჰყიდა. მორგანმა სიძველეები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს დაუთმო.
მუზეუმში კოლექციას ასეთი წაწერა აქვს: „ბიზანტიური მინანქრების ეს კოლექცია, რომელიც თარიღდება XIII-IX საუკუნეებით, ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი და უფართოესია არსებულთაგან. უმრავლესობა ამ ნივთებისა შეგროვილი იყო რუსეთში XIX საუკუნეში, დიდი რუსი მოხელის, ალექსანდრე ზვენიგოროდსკის მიერ. ეს ნივთები ბოლოს ჯ. პირპონტ მორგანმა შეიძინა და თავისი შვილის სახელით შესწირა ამ მუზეუმს 1917 წელს“
აშშ-ში ქართული საგანძურს ყურადღება ვასილ დუმბაძემ მიაქცია. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა ერთი, წმინდა დემეტრეს მედალიონი ლუვრს გადასცა.
წმინდა თევდორეს მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
p.s. საბჭოთა ხელისუფლების დროს ჯუმათში ერთი მღვდელმონაზონი იოანე გოგუა ცხოვრობდა. იგი 1959 წელს გარდაიცვალა. მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული. ქვემეხის ჭურვმა შეიწირა მონასტრის სამრეკლო. 1980-იან წლებში მონასტრის ტერიტორიაზე პიონერთა ბანაკი იყო. სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა. მონასტერი აკურთხა ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინე მელიქიძემ. მთავარ ტაძარზე მიშენებული ეკვდერი ხარების სახელზე იკურთხა. 1995 წელს მონასტერი მოილოცა ილია II-მ. 1998 წელს აიგო მირქმის სახელობის პატარა ტაძარი.
სტატია მომზადებულია ვიკიპედიას მასალების მიხედვით