"მკვლელებმა დაგვსაჯეს, იური მოკლეს, შემდეგი მსხვერპლი, ალბათ, მე ვიქნები. ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მოხდა“, _ აცხადებს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ვერსიებზე "გურია ნიუსს“ ია მეტრეველი ესაუბრა.
_ ინფორმაცია, რის გამო შეიძლება ეს მკვლელობა მომხდარიყო, არ მაქვს, მაგრამ ბატონი იურა რომ თავს არ მოიკლავდა, დარწმუნებული ვარ. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი უკავშირდება ზურას სიკვდილს. ყველა ის დამნაშავე, ვისაც ბატონი იური ამ ხნის განმავლობაში ამხელდა, ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან და ვფიქრობ, რომ სწორედ მათი ხელით მოხდა ეს მკვლელობაც.
_ ვისზე გაქვთ ეჭვი?
_ ისევ კრიმინალი "ნაციონალების“ გაკეთებულია ეს საქმეც. ეს მკვლელობა მის აქტიურობას უკავშირდება, ვერ გააჩერეს და მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან ბატონ იურის თავისი შვილის მკვლელობის ფაქტები და დეტალები ჰქონდა. მისი გაჩუმება იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ძალიან ბევრი დეტალი იყო გამოჩენილი ზურას მკვლელობის საქმეში, ამიტომ იურიც გააჩუმეს. იქამდე მიდიოდა საქმე, რომ უკვე კონკრეტული პირების დასჯის საკითხი უნდა დამდგარიყო.
_ "ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებზე გაქვთ საუბარი?
_ მაღალჩინოსნები არ ვიცი, მე იმ პირებზე ვსაუბრობ, ვინც ამ ოპერაციაში იყო ჩართული. ზურას მკვლელობას ვგულისხმობ.
_რა ბერკეტი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას“?
_ ბერკეტები ის აქვთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრნი არიან ყველა სამინისტროში და ფესვები ჯერ კიდევ აქვთ. მითუმტეს, რომ ძალიან ბევრი ფული აქვთ. მთელი საქართველოს ფულები აქვთ წაღებული და ხალხი რომ მშიერია, ახალმა ხელისუფლებამ ჩამოატანინოს ეს ფულები და მოახმარონ გაჭირვებულებს და ქვეყანას.
_ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ბატონი იური ვაზაგაშვილის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ”ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გადაგვაგდო”…
_ გულნატკენი იყო ახალი ხელისუფლების მუშაობითაც. ორწელიწადნახევარი ისე გავიდა, რომ გამოძიება წინ არ წაულა, დამნაშავეები გარეთ არიან. კმაყოფილი როგორ იქნებოდა? 10 წელი ერთად ვიბრძოდით, უკან არ დაუხევია, თავგანწირვით იბრძოდა რეჟიმის მოსაშორებლად და წინ მაინც არაფერი წასულა. ზურას მკვლელები დასჯილები არ არიან, კიდევ აქეთ დაგვსაჯეს იური მოკლეს, მერე მე მომკლავენ, ალბათ, თუ ასე გაუშვეს და მისცეს ყველაფრის უფლება, როგორც ახლა აქვთ. ალბათ, შემდეგი მსხვერპლი მე ვიქნები.
_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ აბსოლუტურად დაუცველად ვგრძნობ თავს და არა მარტო მე, ყველა ჩვენგანი. ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, რისი იმედი უნდა მქონდეს. მით უმეტეს, რომ ჩემზეც იყო ლიკვიდაციის დავალება გაცემული. ის ადამიანი, ვისაც ეს დაავალეს ახლა ნარკოტიკების გამოა დაპატიმრებული, ყველაფერს ამბობს, ვისი დავალებით მოხდა ეს და რატომ, მაგრამ გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის. საქმეც კი არ აღძრეს. დაახლოებით, ერთი წლის წინ დამიკავშირდა ეს პატიმარი ციხიდან, რომელიც დეტალურად ყვება ვინ დაავალა, როგორ, რამდენი იყვნენ და სად მიიღო ეს დავალება. ესეც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირდება. თუმცა, იმასაც ვერ მივაღწიე, რომ საქმე აღეძრათ და ეს პირი დაეკითხათ.
_ ხომ არ აპირებთ, ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს კიდევ მიმართოთ?
_ ახლა კასპში მივდივარ, ჩამოვყალიბდებით და შესაძლოა მივმართოთ კიდევაც ხელისუფლებას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მოითხოვოს რეჟიმის გასამართლება და "ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე პარტიად გამოცხადება. პასუხი უნდა აგებინონ, როდემდე შეიძლება რომ ასე ბოგინობდნენ ქვეყანაში. ხომ ხედავთ, დღისით, მზისით მოკლეს ადამიანი, ავადმყოფი მეუღლე და შვილი დატოვეს უსუსურად.