შვილის საფლავზე, აფეთქების შედეგად, გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ნათესავები და ახლობლები თბილისში მის სახლთან შეიკრიბნენ და იქიდან კასპში გაემართნენ, სადაც შემთხვევა მოხდა.
შეკრებილები ვაზაგაშვილის გარდაცვალებას ტერაქტს უწოდებენ და ამ ფაქტს შვილის მკვლელობის შესახებ ახალ დეტალებს უკავშირებენ, რომლებზეც ინფორმაციას, მათი თქმით, იური ვაზაგაშვილი ფლობდა.
"ადამიანს, რომელიც იბრძოდა 7 წლის განმავლობაში სიმართლის დასადგენად, ახალი მთავრობის დროს მოუწყვეს ტერაქტი. ეს საქმე ძალიან ახლო მომავალში თუ არ იქნება გამოძიებული, ამას სერიოზული შედეგები მოყვება. ჭიკაიძე არის არაფრის მაქნისი მინისტრი. ის უნდა გადადგეს. მისი დანაშაულიც არის ის რომ, მან ვერ მოახდინა ასეთი კრიმინალების თარეშის პრევენცია", _ განაცხადა "სამოქალაქო ფრონტის" წარმომადგენელმა გოგიტა დალაქიშვილმა.
კოალიცია "ერთსულოვნების" თავმჯდომარის მიხეილ ანდღულაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ხალხის უფრო დიდ პროტესტს გამოიწვევს.
"ეს არის პირდაპირ მიმართული ტერორისტული აქტი იური ვაზაგაშვილის მიმართ. მას სერიოზული სამხილები ჰქონდა თავისი შვილის მკვლელებზე. მან ამის შესახებ ტელევიზიაშიც ისაუბრა და ჩვენ მეგობრებსაც გაგვიზიარა. ვინც ის მოკლა, ტყუილად ფიქრობს, რომ ამით დაფარავს სამხილებს.
პირიქით, უამრავ ხალხს აღაშფოთებს და დიდ პროტესტს გამოიწვევს", _აღნიშნა ანდღულაძემ.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს:
"ველოდებით, რომ გამოძიება სწრაფად და ობიექტურად ჩატარდება. როდესაც ადამიანს ასეთი რამ ემართება, ეს საკმაოდ სერიოზული ამბავია. თვითმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავ. მე მას ერთი კვირის წინ ვესაუბრე და განწყობილი იყო საბრძოლველად. ახალი დეტალები იყო ცნობილი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, საკმაოდ სერიოზული დეტალები, რითაც ყველა კითხვას ეცემოდა პასუხი. რა თქმა უნდა, ამ დეტალებთან კავშირი აქვს მკვლელობას. ეს ფაქტი ასე მარტივად არ ჩაივლის. ამას სერიოზული ბატალიები მოჰყვება", _ გვითხრა ხაჭაპურიძემ.
იური ვაზაგაშვილის ახლობლები მის სახლთან შეკრებას ისევ განაგრძობენ.