იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს.
"20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტმა საზოგადოება სრულიად შეძრა.
ცნობილია, რომ ტრაგიკულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსა და ხელისუფლებას, უზრუნველყონ სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.
გასათვალისწინებელია, რომ იური ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში მოითხოვდა, გასამართლებულიყვნენ და დასჯილიყვნენ 2006 წლის 2 მაისს თბილისში ე. წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დამკვეთები და შემსრულებლები, რომელთა მიერ ლიკვიდირებული იქნა მისი შვილი, ზურაბ ვაზაგაშვილი.
აქედან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, იური ვაზაგაშვილის სავარაუდო განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად.
ორგანიზაციები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
• განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი – ქეთევან ჩაჩავა
• საზოგადოებრივი დამცველი – ირინა ფუტკარაძე
• კონსტიტუციის 42-ე მუხლი – ნინო ელბაქიძე
• საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი – ია მამალაძე
• ადამიანის უფლებათა ცენტრი – ალექსანდრე ცქიტიშვილი