"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა (ა) ი პ "უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის" მორიგი საკადრო ცვლილებაა დაგეგმილი, კერძოდ, სასადილოს ხელმძღვანელი, შოთა ფირცხალაიშვილი, ახალი კადრით, გულნარა ჩიჩუათი უნდა ჩაანაცვლონ.
ფირცხალაიშვილი ამ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას დაახლოებით ორი კვირის წინ შეუდგა. ჩვენ დავუკავშირდით ფირცხალაიშვილს, რომელმაც თავი შეიკავა რაიმეს დაკონკრეტებისგან.
"არაფრის თქმა არ შემიძლია, არც ის ვიცი, მომავალში სად დავსაქმდები, სადაც მეტყვიან და საჭირო ვიქნები იქ ვიმუშავებ. მე მზად ვარ ნებისმიერი წინადადებისთვის".
რაც შეეხება გულნარა ჩიჩუას, გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
"არის საუბარი მე დავინიშნო "უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის" ხელმძღვანელად, ყველაფერი დღეს გადაწყდება", – განაცხადა ჩიჩუამ.
ჩიჩუას "ქართული ოცნების" სათავეში მოსვლის შემდეგ, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის პოსტი ეკავა, თუმცა საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო გამოცდებზე არ გასულა, ჩვენი ინფორმაციით, ის იმ დროს ქალაქ ბათუმში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი ჩიჩუას დანიშვნა, თუმცა ერთ-ერთ კანდიდატად ნამდვილად მოიაზრება.