რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა.
სხდომაზე განიხილეს ორივე კომისიის 2015 წლის სამუშაო გეგმა და მოისმინეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ყველაშვილის ანგარიში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო სტრატეგიაზე.
კომისიებს 2015 წელში საქმიანობის გაუმჯობესებისაკენ მოუწოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ:
_ საკრებულომ უნდა მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები. ჩვენ ყველა სოფელი უნდა ჩავაყენოთ თანაბარ მდგომარეობაში, ასეთი მიდგომით გავაჩენთ ხალხში სამართლიანობის განცდას, _ აღნიშნა კვერღელიძემ.
ალექსანდრე ყველაშვილის თქმით, "წარმოადგენლობითი ორგანო და აღმასრულებელი რგოლი ინტენსიურად თანამშრომლობს ერთმანეთთან, რაც მისასალმებელი ფაქტია. ეს არის ჯანსაღი დამოკიდებულება, რომელიც თავისთავად აისახება ჩვენს გაკეთებულ საქმეზეც“.
სხდომაზე მწვავე კამათი გაიმართა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.
დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ხალხთან დიალოგის გზით დაიგეგმება სოფელში გასაკეთებელი ყველა პროექტი და თითოეული მოსახლე თავად გადაწყვეტს თუ რა სჭირდება თავის სოფელს.