მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის პოლიციის შენობაზე თავდასხმასა და 2 სამართალდამცავის ცემაში ბრალდებული ქალბატონის, მაია კეკელიას წინასასამართლო სხდომა, 20 თებერვლამდე გადაიდო.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი განმარტავს, მათ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, ვინაიდან ჯერ კიდევ არ არის დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩატარებული, რადგან საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები ამაზე არ თანხმდებიან.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა სასამართლოს იმის შუამდგომლობითაც მიმართა, სამართალდამცავებს ექსპერტიზის ჩატარება დაავალდებულოს.
ცნობისთვის, საქმე ეხება 2014 წლის 16 ოქტომბერს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის პოლიციის შენობიდან დაკავებული მამაკაცის, თემურ გაბუნიას გაქცევას.
ოფიციალურად, დაკავებულმა შენობიდან გაქცევა ნათესავების დახმარებით შეძლო, რომლებიც განყოფილებაში მივიდნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თუმცა, აღნიშნულში ბრალდებული პირები აბსოლუტურად სხვა ვითარებას აღწერენ. როგორც "გურია ნიუსთან" ერთ-ერთი მათგანი, მაია კეკელია ჰყვება, პოლიციის შენობაში, ამბის გასაგებად მისულებს ნასვამი და გაღიზიანებული სამართალდამცავები დახვდნენ, რომლებმაც მათ იქით მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" ვრცლად უკვე წერდა – როგორ გაიქცა დაკავებული – ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების „ამბოხით“