ბათუმში მსუბუქი ავტომობილის აფეთქების ფაქტს , რომელიც დღეს გამთენიისას ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ეხმაურებიან და მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
"კრიმინალმა მოიმატა. ჩვენ გვახსოვს დიასამიძის ბავშვის გაქრობა, გვახსოვს ბიზნესმენ ბესტიჟის მკვლელობა, მანქანების აფეთქებები, ბოლო ორ წელიწადში მომხდარი 13 მკვლელობა მხოლოდ ბათუმში, სამართალდამცველების ცემა და საზოგადებასთან ერთად რომელიც შეშფოთებულია ამ ყველაფრით, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არავინ არის დაინტერესებული გამოძიებით", – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქართველოს პარლამენტის წევრმა ომარ მეგრელიძემ.
მეგრელიძის თქმით, მათი ხელისუფლებიდან წასვლის დროს ბათუმში ძალიან კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დატოვეს იმისათვის, რომ სამართალდამცველებს დროულად გამოეძიებიათ დანაშაულების შემთხვევები, მაგრამ ამ ბაზის გამოყენება არ ხდება.
"რჩება შთაბეჭდილება, რომ კრიმინალს მფარველი ჰყავს". – აღნიშნავს მეგრელიძე.
ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მდგომი მსუბუქი ავტომობილი დღეს გამთენიისას აფეთქდა და დაიწვა. მანქანა თბილისელ დავით მანჯავიძეს ეკუთვნის, რომელიც გივი თარგამაძის მეგობარია და ბათუმში დროებით, საქმეებთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
ავტომანქანის მფლობელის განცხადებით, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირე თუ როგორ სპეციალურად გადაასხეს მანქანას ბენზინი.
"ნაცმოძრაობის" წევრებმა ამ ფაქტის კომენტირებისას აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ დაადასტურონ ან უარყონ აფეთქების კავშირი გივი თარგამაძის განაცხადებებთან, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია.
პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს ამ ფაქტს მიეძღვნა, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა ბოლო ორი წლის მანძილზე ბათუმში მომხდარი გახმაურებული კრიმინალური შემთხვევების სტატისტიკაც გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, ამ დროის განმავლობაში 13 მკვლელობა, ერთი ბიზნესმენის მკვლელობა, ავტომობილის დაწვის სამი შემთხვევა, ერთი პროკურორის მანქანის აფეთქების, საღებავების საწყობის დაწვის და სამართალდამცველების ცემის შემთხვევებია შესული.