პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა აივ/შიდსის კონცეფციის დოკუმენტზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებთან – ვიაჩესლავ კუშაკოვთან და კატერინა ბოიკოსთან გამართეს შეხვედრა, რომელზეც აივ/შიდსის კონცეფციის დოკუმენტის შემუშავებისა და ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში გლობალური ფონდის მხრიდან დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელეს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, გიორგი ხეჩინაშვილმა ექსპერტებს კომიტეტის საქმიანობა დეტალურად გააცნო და მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ისაუბრა. ვიაჩესლავ კუშაკოვმა და კატერინა ბოიკომ პარლამენტის წევრებს მისიის მიზნები და ამოცანები გააცნეს.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა აივ/შიდსის არსებული საკანონმდებლო ბაზა და მისი გავლენა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე. ისაუბრეს იმ პრობლემებზეც, რომლებსაც აივ ინფიცირებულები აწყდებიან. გიორგი ხეჩინაშვილის განცხადებით, სტიგმასთან ბრძოლაში, მასმედიასთან ერთად, განსაკუთრებული როლი ქვეყნის განათლების სისტემას ენიჭება.
საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აივ/შიდსის კონცეფციის დოკუმენტის პროექტი 15 თებერვალს მზად იქნება და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გადაიგზავნება.
ექსპერტების ინფორმაციით, დოკუმენტის პროექტი გლობალური ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდება.