პლანეტა დედამიწა უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში მაქსიმალურად „გათბა“. 1880 წლიდან დაწყებული სპეციალურ კვლევებს ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანეებისა და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამსახური.
ყველაზე მაღალი ტემპერატურული ანომალიები ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში, ბრაზილიისა და ევროპის აღმოსავლეთით, აზიის სამხრეთში, რუსეთის აღმოსავლეთში და ეკვატორულ აფრიკაში აღინიშნა.
ანომალიურად დაბალი ტემპერატურები კი დაიკვირვებოდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, არგენტინის ჩრდილო მხარეში, აზიაში და ევროპის დასავლეთ ტერიტორიებზე.
კლიმატოლოგების მონაცემებით, პლანეტის ზედაპირის საშუალო გლობალური ტემპერატურა მაისში, მეოცე საუკუნის საშუალო დონესთან შედარებით (14,8 გრადუსი), 0,69 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა. აპრილში ამ მაჩვენებელმა 14,5 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც შესაბამის საშუალო დონეზე 0,76 გრადუსით მეტია.
სწავლულები, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ არქტიკაში ყინულის საფარის ფართობმა საშუალოდ 13,1 მილიონი კვადრატული კილომეტრი შეადგინა, რაც 3,7 პროცენტით ნაკლებია 1979-2000 წლების საშუალო მონაცემთან შედარებით.
ამერიკის შეერთებული შტატების თოვლისა და ყინულის ინფორმაციის ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, ყინული არქტიკულ რეგიონში ჩვეულებრივზე 50 პროცენტით სწრაფად დნებოდა. აღსანიშნავია, რომ მყინვარების დადნობა დედამიწის თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნება, მათ შორის ჩვენთანაც, კავკასიონზე.