ადვოკატი გიორგი ონიანი, "გურია ნიუსის" მიერ დღეს გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც 2011 წლის 25 მაისს, დარბევამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული და რომელზეც ის ირაკლი ფირცხალავასთან ერთადაა გადაღებული, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
_ ამ პერიოდში მე ვიყავი პოლიციელი და ვიცავდი სახელმწიფოს, მისი თითოეული კანონმორჩილი მოქალაქის ინტერესებს.
მართალია, ეს არ არის 2011 წლის 26 მაისი, თუმცა, არასდროს დამიმალავს, რომ 26 მაისს ქალაქის პოლიციის მთელი გარნიზონი, მათ შორის უკვე ყოფილი შსს მინისტრი, ვიმყოფებოდით რუსთაველზე.
მე და ჩემ დანაყოფს არც უფლებამოსილებისთვის გადაგვიჭარბებია და არც კანონი დაგვირღვევია.
არასოდეს მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ღამეებს ვათენებდით ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გასაკონტროლებლად; ასევე არასოდეს მოვიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ სურათი ამა თუ იმ პოლიციელთან მაქვს გადაღებული და არა დღევანდელი მოღალატეობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მაგალითად ისეთთან, როგორიც ლადო ბედუკაძეა.
რაც შეეხება იმას, რომელიმე პოლიციელმა დაარღვია თუ არა კანონი, ეს ბადაშვილის და შოთაძის გამოსაძიებელია და არა ჩემი.
ის რომ ეს ადამიანები არ იძიებენ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებით არიან დაკავებულნი, ეს დღევანდელი ხელისუფლების შეგნებული არჩევანია, _ წერს ონიანი.
იხილეთ: ფოტოფაქტი _ გიორგი ონიანი და ირაკლი ფირცხალავა 26 მაისის აქციის დარბევამდე