ტერორიზმთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი ნორმები ემატება.
კანონპროექტის ინიციატორმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ მუხლებს გადახედა და პარლამენტს კოდექსის შესაბამის ნაწილში ცვლილებების განხორციელება შესთავაზა.
კერძოდ, “სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობასთან დაკავშირებულ მუხლს ახალი პუნქტი ემატება, რომლის შესაბამისად, დასჯადი ქმედება ხდება უცხო სახელმწიფოში გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, ან ამგვარ საქმიანობაში, ისევე როგორც ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიღების მიზნით. სანქციად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 9-წლამდე.
პასუხისმგებლობა წესდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისთვის პირის გადაბირებაზე, რაც 5-დან 10-წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, უსაფრთხოების ზომებისა და კანონმდებლობის გამკაცრება მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველოს მოქალქეების უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებებში წევრობა თუ წევრის სტატუსგარეშე მონაწილეობა, წვრთნა, წვრთნის პროცესში ჩაბმა, პროპაგანდის გაწევა, პროპაგანდის შემცველი დოკუმენტის დარიგება, მოწოდება, გადაბირება სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება. ამასთან, განისაზღვრება, რომ საჯაროდ მოწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით.
“სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.