უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, "საზოგადოებრივი მარშალის" ხელმძღვანელი ოთო სტეფანიშვილი და ადვოკატი ლექსო კობაიძე ემზარ კვიციანის გათავისუფლებას მოითხოვენ.
"რეპრესირებულთა და პოლიტპატიმართა საქმეების შემსწავლელმა სპეციალურმა საზოგადოებრივმა კომისიამ შეისწავლა ემზარ კვიციანის საქმე და გამოავლინა ის კონკრეტული მოტივი და მიზეზები, რის გამოც ემზარ კვიციანის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა. საქმის მასალებიდან გამოიკვეთა კონსტიტუციის დარღვევა ემზარ კვიციანის მიმართ, ასევე კვიციანის სპეცოპერაციის დროს ხელისუფლებამ გამოიყენა ჯარი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე", _ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოთო სტეფანიშვილმა განაცხადა.
როგორც პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა განმარტა, საზოგადოებრივი კომისია ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა და მისი მიზანია აიძულოს ხელისუფლება დროულად მოხდეს პოლიტდევნილთა და პოლიტრეპრესირებულთა საქმეების დროული გამოძიება.
ემზარ კვიციანის ადვოკატის ინფორმაციით, კვიციანის საქმეში წინგადადგმული ნაბიჯი არის ის, რომ მის საქმეს ჩამოშორდა პროკურორი თენგიზ ხარებავა.
" ჩვენი შეხედულებით ეს ადამიანი საჯარო ინტერესს სცდებოდა და საკუთარი სუბიექტური შეხედულებისამებრ ახორციელებდა სამართალწარმოებას. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ჩვენ იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ემზარ კვიციანს ვიხილავთ გარეთ", – განაცხადა ლექსო კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანს ბრალი უკანონო ფორმირების შექმნასა და მონაწილეობაში, ასევე შეთქმულებასა და ამბოხში ედება. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ემზარ კვიციანის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო 28 იანვარს დაიწყებს.