არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი თაობის“ ორგანიზებით თბილისში აქცია მიმდინარეობს.
მასში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ.
მსვლელობა ფილარმონიიდან ყოფილი პარლამენტის შენობამდე იმართება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მსვლელობის მთავარი მიზანია ყოფილი ხელისუფლების დატოვებული "კრიმინალური კერის აღმოფხვრა საქართველოში".
"მცდელობაა, რომ ქვეყანაში სხვადასხვა ტერორისტული აქტებით აირიოს სიტუაცია. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ მდუმარე აქცია-მსვლელობით და ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, გასამართლდეს დამნაშავე ნაცრეჟიმი. ის რაც დღეს უბედურება ხდება, მიგვაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა. ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მალე, ყველანაირი ზომებით, იქნება ეს კანონიერი თუ სხვა ზომებით, აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა", _ განაცხადა "თავისუფალი თაობის" წარმომადგენელმა ლადო სადღობელაშვილმა.
აქციის მონაწილეები სამძიმარს უცხადებენ ვაზაგაშვილებისა და ყველა იმ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომლებიც, მათი თქმით, რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.
აქცია-მსვლელობის მონაწილეებს გლოვის ნიშნად შავი ლენტები უკეთიათ. მათ ასევე აქვთ ბანერები – "არა ნაცმოძრაობას".