დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლესის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელისო ჭიჭინაძემ, მედიის ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცი გამართა, რომლის თემა იყო გაზეთ "გურიის მოამბეში" დაწერილი წერილი – "ბინძური თამაში" თუ ეკომიგრანტი ოჯახის დისკრიმინაციის მცდელობა-რატომ უპირისპირდებიან ლესის დეპუტატს".
დეპუტატმა წერილის ავტორის მიერ მოყვანილ ფაქტებზე უკმაყოფილება გამოხატა.
"ჩვენი შეხვედრის მიზანი ამ წერილში გამოხატული პოზიციის, თითქოს მე ვინმეს პოლიტიკური მიზნების გამო დისკრიმინაციას ვუწევ აბსურდია. მე ვალდებული ვარ როგორც სოფლის დეპუტატი, ყველა თანასოფლელზე ვიზრუნო ჩემო კომპეტენციის ფარგლებში.
გაბაიძეებისა და შაინიძეების ოჯახურ კონფლიქტში ჩარევისას, რაც შემეძლო ვეცადე დაპირისპირებული მხარეები მომერიგებინა, მაგრამ წერილში, რატომღაც მე ერთ-ერთ მხარედ წარმომაჩინეს. ვინაიდან შაინიძეებს, როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარე, სოციალურ სააგენტოს მივმართე და ორი შვილი მიმღებ ოჯახში გადავაყვანინე, ასევე სოციალური პროგრამით ას ლარიანი ქირით დროებითი საცხოვრებლის მოძიება დავიწყე, ამიტომ ვარ მხარე? ეს ყველაფერი მე ვუთხარი წერილის ავტორს, მან რატომღაც მიკერძოებული პოზიცია არჩია წერილში არც შაინიძეების აზრი დაუფიქსირებია, მე კი ქურდების დამცველად გამომიყვანა. თუ კონფლიქტზეა საუბარი, ამ შემთხვევაში მინიმუმ ორი მხარე მაინც არსებობს დ სინამდვილის გასარკვევად ორივე მხარის პოზიციის მოსმენაა საჭირო", – აცხადებს ელისო ჭიჭინაძე.
დეპუტატის ამ ბრალდებას უარყოფს წერილის ავტორი ესმა ბერიძე, რომელიც აცხადებს, რომ გაზეთმა გაბაიძეების ნათქვამი გამოაქვეყნა და საკუთარი პოზიცია წერილში არსად არ დაუფიქსირებია, ამიტომ მისთვის გაუგებარია რა პრეტენზია გააჩნია ჭიჭინაძეს გაზეთის მიმართ.
როგორც გაირკვა ქალბატონ ელისოს გაზეთის მიმართ მართლაც აქვს გარკვეული პრეტენზიები, მაგრამ ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის – გაბაიძეების წინააღმდეგ. თავად გაბაიძეები, რომლებმაც სასამართლო პროცესი შაინიძეებთან მოიგეს, მიუხედავად ჭიჭინაძის სურვილისა, ამ პრესკონფერენციას არ ესწრებოდნენ, აქედან გამომდინარე დამსწრე ჟურნალისტებს დასკვნების გამოტანა იმავე მიზეზით, რასაც ყველა მხარის პოზიციის დაფიქსირება ჰქვია, გაუჭირდებათ.