პოლიტიკური პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება რუსეთს მავთულხლართებზე არ დალაპარაკებია, რადგან მას ამის ძალა და გამბედაობა არ ეყო.
ამის შესახებ ბურჯანაძემ გაზეთ "რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.
"ხელისუფლებამ რა ნაბიჯებიც გადადგა, ის შედეგი მიიღო. ის რუსეთს მავთულხლართებზე არ დალაპარაკებია. ჩვენს ტერიტორიებზე სალაპარაკო ძალა და გამბედაობა არ ეყოთ. რაზეც ელაპარაკა – მწვანილზე, ღვინოზე და ვაშლზე, – ამაზე შედეგი დადგა“ _ განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით რუსეთისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეხვედრა დაგვიანებულიც კია.
ბურჯანაძის განცხადებითვე, საქართველოს, რუსეთთან ურთიერთობაში ძალიან სერიოზული შედეგი ჰქონდა იქამდე, სანამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პუტინის "გადაგდების“ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
"გამბედაობა რომ ჰყოფნოდათ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ კვირაში უნდა შეხვედროდნენ პუტინს, მაგრამ ისე ეშინოდათ პრორუსულობა არ დაბრალებოდათ და დასავლელი პარტნიორები არ გაბრაზებოდნენ, რომ ასეთი ნაბიჯები ვერ გადადგეს.
2003 წელს ჩვენ გვეყო გამბედაობა, რომ პირველი ნაბიჯები გადაგვედგა. ჩემი პირველი ვიზიტიც რუსეთში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში იყო და სააკაშვილის პირველი ვიზიტიც მოსკოვში შედგა.
ძალიან სერიოზული შედეგი გვქონდა იქამდე, სანამ სააკაშვილი პუტინს "გადაგდების“ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
მაშინ მე ჩავედი კრემლში და იქ გამოვედი კრიტიკულად, განცხადებები აქედან კი არ მიკეთებია.
ნებისმიერ შემთხვევაში პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. არ ვთვლი, რომ საქართველო ანტირუსულ კამპანიაში უნდა ჩაერთოს,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.