(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 11 ნოემბერს, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე ოზურგეთში მოღვაწე პოლონელმა მოხალისე მასწავლებლებმა აღნიშნეს. ისინი პროექტის ფარგლებში “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ადგილობრივ სკოლებში ინგლისურ ენას ასწავლიან.
პოლონელებმა ოზურგეთის კინოთეატრის წინ ეროვნული სიმბოლოები გამოფინეს და მოწვეულ სტუმრებს მოკრძალებული საჩუქრები გადასცეს. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ეროვნული კერძები: პოლონური “ზურეკი” და ნამცხვარი სტუმრებმა სიამოვნებით დააგემოვნეს და პოლონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი გულწრფელად მიულოცეს.
მოხალისეების თქმით, ეს მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც სიამოვნებით აღნიშნეს ქართველებთან ერთად, რადგან ქართველებისთვის დამოუკიდებლობა და მისი შენარჩუნება ისეთივე ღირებულია, როგორც პოლონელებისთვის.
93 წლის წინ, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პოლონეთმა დამოუკიდებლობა აღიდგინა და მას შემდეგ ეს თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება.