საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების 10% გაძვირებულია.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია განმარტავს, ფასის ზრდა ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია.
"იმ წამლებზე არის მატება, რომელიც დოლარის ზონიდან შემოდის, მათ შორის რუსულ და ბელორუსულ წარმოების წამლებზე, თუმცა ასეთი მედიკამენტები პროცენტულად ბევრი არ შემოდის. ჩვენ ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მონიტორინგს. თუ დავინახეთ, რომ პრეპარატზე ფასი კატასტროფულად გაიზარდა, მაშინ ჩავერევით", _ განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
როგორც კვარაცხელია ამბობს, თუ შეიქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროცესში ჩაერევა.
"შეიძლება სუბსიდირება მოვახდინოთ, შეიძლება მნიშვნელოვან მედიკამენტებზე ზედა ზღვარი დავაწესოთ. ამის საშიშროება ამ ეტაპზე არ არის და არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ჩავერიოთ. თუ დოლარის კურსი ქვევით ჩამოვიდა, ისევ დარეგულირდება ფასი. წამლების დაახლოებით 10%-ია ამ ეტაპზე გაძვირებული", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.