გასული კვირის პარასკევს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მორიგი საკადრო ცვლილებები გახორციელდა _ მთლიანად გადახალისდა კულტურის სამსახური. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, დოდო მამალაძე მუსიკალური სკოლის დირექტორმა, ქეთევან გიორგაძემ ჩაანაცვლა. კულტურის სამსახურში ორი ახალი კადრიც მიიღეს _ გოჩა გათაშვილი და ანუკი შარაშიძე.
_ გოჩა გათაშვილი მუსიკალური კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია. ანუკი შარაშიძე კი მაგისტრი, ინგლისური ენის სპეციალისტი, რომელიც ტურიზმის მიმართულებას ჩაიბარებს. ორივე მათგანი იმათგან შევარჩიე, რომლებსაც სამსახურის დაწყების თხოვნით განცხადება ჰქონდათ დაწერილი და მათ სამსახურში მოსვლიდან რამდენიმე დღეში გავესაუბრე, _ გვითხრა იმედაშვილმა.
გამგებლის თქმით, მუსიკალური სკოლის დირექტორად ნინო დოლიძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო:
_ მუსიკალური სკოლის დირექტორის კანდიდატურა საკრებულომ შეარჩია, _ აღნიშნა გამგებელმა და დასძინა, რომ ვინაიდან კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, დოდო მამალაძე პროფესიით მუსიკათმცოდნეა, იგი მუსიკალურ სკოლაში დასაქმდება.
რაც შეეხება კულტურის სამსახურს უკვე ყოფილ სამ სპეციალისტს _ მარინე ცინცაძეს, მაია ძნელაძეს და თამთა ჯანხოთელს, როგორც გამგებელმა გვითხრა, ცინცაძე ბაღების გაერთიანებაში იმუშავებს, ძნელაძე _ კულტურის ცენტრში, ხოლო ჯანხოთელი _ მუზეუმში.