სასჯელაღსულების სისტემის რეფორმირება იწყება, რომელიც პენიტენციური სფეროს ახალ სამართლებრივ რეგულაციებს მოიცავს.
ცვლილებების მოდელი და შინაარსი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახი კახიშვილმა გააცნო.
კახიშვილის ინფორმაციით, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით კანონპროექტთა პაკეტი მომზადდა, რომლის მიხედვითაც ცვლილებები 40-მდე საქართველოს კანონში შედის.
ცვლილებების ძირითადი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ უქმდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და იგი პენიტენციურ დეპარტამენტად გარდაიქმნება, რომელიც სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფად ჩამოყალიბდება.
ამასთან ერთად, ცვლილებები უწყების სტრუქტურულ და შინაარსობრივ მხარესაც შეეხება, რაც მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.
კახი კახიშვილის განცხადებით, ერთ-ერთ სიახლეს ციხეების დეცენტრალიზება წარმოადგენს, რომლის თანახმადაც ციხეებში დასაქმებული პერსონალის ფუნქცია-მოვალეობა დოკუმენტურად გაიწერება და კონკურსის წესით მოხდება თითოეული თანამსრომელის დანიშვნა. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი კი მუშაობის დაწყებამდე სპეციალურ ორკვირიან სწავლების კურსს გაივლის და გამოცდებს ჩააბარებს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სხვა ინსტიტუციურ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც სისტემის მართვის ახალ ეფექტური მეთოდის შემოღებას და ციხეებში ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიმართულებებს შეეხებოდა.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიესალმა წარმოდგენილ ცვლილებებს და შემოთავაზებული რეფორმები მოიწონა, თუმცა მომხსენებელს რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შენიშვნა კომიტეტის სახელით გააცნო.
საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კანონპროექტთა პაკეტს და მის პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.