საფრანგეთის სხვადასხვა სარაგბო დივიზიონებში ძალიან ბევრი ქართველი მორაგბე რომ თამაშობს, ეს ალბათ, ბევრისთვის არახალია. სასიამოვნოა, რომ ამ ლეგიონის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი ლანჩხუთელი ნიკა პატარაიაც არის, რომელსაც საკმაოდ კარგი თამაშის გამო ფრანგული პრესის ფურცლებიდან ბევრს აქებენ.
ნიკა 1991 წელს დაიბადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში. რაგბის ანბანს მას შემდეგ ეზიარა რაც ლანჩხუთში მისმა მამამ მერაბ პატარაიამ სარაგბო კლუბს ჩაუყარა საფუძველი. ამ წამოწყებას მიზეზთა გამო მალე პრობლემები შეექმნა, მაგრამ ნიკამ თავისი ადგილი მაინც იპოვა სარაგბო სამყაროში და 15 წლისამ თბილისის „ლელოს“ მაისურა მოირგო. ის მალევე შეიქნა ამ გუნდის ძირითადის მოთამაშე და ოთხჯერ გახდა კიდეც ქვეყნის ჩემპიონი.
ბოლო ორი წელია „ლელო“ პირველობას არავის უთმობს და ნიკას როლი ამაში საკმაოდ დიდი იყო. თავად განსაჯეთ 2013 წელს ის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მესამე ნომრად დასახელდა, ხოლო 2014 წლის ფინალში მისი მეტოქე „არმია“ შვიდჯერ დაჯარიმდა შერკინებაში და „ლელომ“ საჩემპიონო ქულების ძირითადი მარაგი ნიკას შერკინებაში გონივრული ქმედებების შედეგად მოაგროვა.
მისი ასეთი თამაში სპეციალისტებს არ გამოპარვიათ და 2014 წლის აგვისტოში მან საფრანგეთის პირველი დივიზიონის კლუბ „ლე პარკ ექსან პროვანისგან“ შემოთავაზებაც მიიღო და 1+1 წლით კონტრაქტიც გააფორმა. ნიკამ ფრანგული საზომით მეორე ლიგასაც აუღო ალღო და კლუბის წამყვანი მესამე ნომერი გახდა. თავად „ექსან პროვანი“ დივიზიონის დ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტ „ოშს“ 15 ქულით უსწრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიკა სამომავლოდ ფაქტობრივად უმაღლესი დივიზიონის მოთამაშე გახდება, ისევე როგორც თუნდაც მამუკა გორგოძეა.
ნიკასთან კლუბში კიდევ ერთი ქართველი, გიორგი ზაქაშვილი ირიცხება, ხოლო ამავე დივიზიონში თამაშობენ ქართული რაგბის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა, გიორგი ჩხაიძე, მერაბ კვირიკაშვილი, ბექა ურჯულაშვილი, ირაკლი ნატროშვილი და სხვები.
ნიკა პატარაია საქართველოს პირველი ნაკრების ერთ-ერთი კანდიდატია და შორს არაა ის დრო, როცა მას ძირითად თხუთმეტეულშიც ვიხილავთ.