ჩოხატაურში, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარმა სამმართველომ, სპეცოპერაცია 14 ნოემბერს, დილის 11 საათზე, დუმბაძის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის გვერდით ჩაატარა. როგორც გავიგეთ, ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. დაკავების დროს, ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანიდან იარაღი ამოიღეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი რამდენიმე დღის უკან მომხდარ ყაჩაღობაში ედებათ. ყაჩაღობა, სოფელ შუაფარცხმაში, ტრაპაიძეების ოჯახში, 10 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე მოხდა. ყაჩაღებმა ოჯახიდან 2 200 ლარი გაიტაცეს.
ბოლო 4 თვეში, ჩოხატაურში, 4 ყაჩაღობა დაფიქსირდა. ოთხივე გაუხსნელია და არსებობს ვარაუდი, რომ ოთხივეს 14 ნოემბერს დაკავებულებს დააბრალებენ..
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, ქუთაისის ავტოსადგურში ჩოხატაურის პოლიციამ ორი წლის წინაც დააკავა _ მას მაშინაც ყაჩაღობაში ედებოდა ბრალი, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის დამტკიცება ვერ შეძლეს. მაშინდელ სისხლის სამართლის საქმეში ერთი დიდი უზუსტობა იყო _ პოლიციელი წინასწარ გამოძიებაში და შემდეგ, სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ ეჭვმიტანილს იარაღი სპორტული შარვლის საქამრედან ამოუღეს.
სპეცოპერაციის შემდგომი ფაქტების გადაღების უფლება "გურია ნიუსს" სამართალდამცველებმა არ მისცეს, დაუსაბუთებლად და უკანონოდ ხელი შეგვიშალეს, განვითარებული მოვლენები გადაგვეღო, მით უმეტეს იმ დროს, როცა შემთხვევის ადგილს არც სპეციალური ლენტი ჰქონდა შემოვლებული და საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძეც იქვე იმყოფებოდა. მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, რომ ეთქვათ, რის საფუძველზე არ გვაძლევდნენ იქ მუშაობის უფლებას, პოლიციელებმა ვერც შესაბამისი კანონი და ვერც ბრძანება ვერ დაგვისახელეს.
ჩვენი იქ მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში, მიმდებარე ტერიტორიას ყვითელი ლენტი შემოავლეს. ჩვენ გადაღება იმ მხრიდან ვცადეთ, სადაც ლენტი არ იყო გავლებული. გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, დავით ცირეკიძემ კი ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანის ბრძანება გასცა:
_ სანამ არ დაგაკავებთ, ამ ადგილს არ მოშორდებით? _ ძალიან მკაცრი იყო სამმართველოს უფროსი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც გადმოვიდა.
პოლიციელები გადაღების საშუალებას არც შორიდან გვაძლევდნენ და ჩვენს წინ კორდონს ავლებდნენ. მაშინაც კი, როდესაც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, რადგან, როგორც შევიტყვეთ, ერთ-ერთი დაკავებული ცუდად გახდა.
ამ წუთებში დაკავებულები გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან. სასამართლო წინასწარ პატიმრობას, მათ, სავარაუდოდ ხვალ შეუფარდებს.
"გურია ნიუსი" ამ თემაზე ამ წუთებშიც მუშაობს.