პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, შესაძლოა, არ დაისაჯოს.
საქმე იმაშია, რომ ყუშიტაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ მითითებას არ დაემორჩილა, პროკურატურაში ადვოკატმა გიორგი ონიანმა უკვე შეიტანა.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი დაარღვია ამ ადამიანმა, ეს ითვალისწინებს 30-დღიან პატიმრობას; გარდა ამისა, არის ფინანსური სახდელი, რომელსაც დააწესებს სასამართლო, რადგან ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა," _ ამბობს ონიანი.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი (წვრილმანი ხულიგნობა), რის საფუძველზეც გიორგი ონიანმა პროკურატურას მიმართა, განმარტავს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
თუმცა, ამავე კოდექსის 38-ე მუხლში, რომელიც ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადებს ადგენს, აღნიშნულია ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.