ბრაზილიაში დაახლოებით 50 ახალგაზრდა ერთ-ერთ ბარში მომხდარ ჰომოფობიურ აქტს საჯარო ჩახუტებითა და კოცნით გამოეხმაურა. გუშინ გამართული საპროტესტო გამოსვლის მიზეზი ბარიდან ლესბიანი წყვილის კოცნის გამო გაგდების ფაქტი გახდა.
შემთხვევის შესახებ წყვილმა დაუყოვნებლივ პოლიციასა და ჰომოფობიის წინააღმდეგ მომუშავე ბრაზილიის იურისტთა ასოციაციას აცნობა.
გუშინ გამართული აქციისას ახალგაზრდებმა პროტესტი საყოველთაო კოცნით გამოხატეს. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეთაგან ოთხ წყვილს ბარში შესვლისა და იქ ხანგრძლივად ჩახუტებისა და კოცნის უფლება მიეცა.
ბრაზილიაში 2013 წელს 312 ჰომოსექსუალი მოკლეს. ამ მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მიხედვით.
ჰომოფობიის კრიმინალიზაციის კანონპროექტი ბრაზილიის კონგრესის დღის წესრიგიდან ადგილობრივი კათოლიკე და პროტესტანტი ევანგელისტების წინააღმდეგობის შედეგად მოიხსნა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ძალისხმევით, ერთსქესიანი წყვილები იმავე უფლებებით სარგებლობენ, რითაც ჰეტეროსექსუალები.