საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს თავიანთ კანდიდატურას წარუდგენს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, კანდიდატურას ამ კვირაში დაასახელებს, ჯერჯერობით კი მის ვინაობას არ ამხელს.
“ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელ საბჭოსთან კონსულტაციით შევჯერდით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე. ეს ადამიანი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მთავარი რაც არის, ის არის პრინციპული და არასდროს არ მოიქცევა პროკურორების გავლენის ქვეშ. მის ვინაობას მიმდინარე კვირაში დავასახელებთ”, – განაცხადა ხატიაშვილმა დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, წინააღმდეგია რომ აღნიშნული თანამდებობა პოლიტიკასთან დაკავშირებულმა პირმა დაიკავოს.
“თუმცა, თუ მაინც ასე მოხდა, ადვოკატთა ასოციაცია ისურვებდა, რომ ეს ადამიანი იყოს ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც არის ძალიან პრინციპული, პროფესიონალი და არასდროს მოექცევა პროკურატურის გავლენის ქვეშ”, – განაცხადა ხატიაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება.
9 თებერვლამდე კი, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებას და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს თავიანთი კანდიდატურების წარდგენის უფლება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აქვთ.