გასული წლის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის 1-ლი მარტიდან, საქართველოში რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარებოდა, რაც სპეციალისტების თქმით, ავტომობილების მფლობელებს 1000 დოლარამდე დაუჯდებოდათ.
ავტომობილების ტექდათავლიერების ვალდებულებას, მძღოლების ნაწილი პროტესტით შეხვდა, რადგან სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც 2012 წელს მოიცავს, ქვეყანაში არსებული მანქანების 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა და კონტროლის არ არსებობის პირობებში, სავარაუდოა, რომ ავტომობილების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია.
ტექდათვალიერებისთვის სავალდებულოა კატალიზატორების ქონა, რომლის ფასიც საკმაოდ მაღალია.
კატალიზატორი არის მანქანის მეტალის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია მანქანის ძრავასა და მაყუჩს, ე.წ. "გლუშიტელს", შორის. იგი გამონაბოლქვში ნამწვი აირებსა და მავნე მინარევებს ამცირებს. თუმცა, მანქანა, რომელსაც კატალიზატორი აქვს გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს. ამიტომ, ხშირად მას მანქანებს აცლიან და ცალკე ყიდიან. ახლა კი, როგორც დანელია აცხადებს, მძღოლებს კატალიზატორის ჩაყენება მოუწევთ.
აღნიშნული ნაწილი როგორც სპეციალისტები ამბობენ მინიმუმ 200 დოლარი ღირს, არის 300 და 400-დოლარიანიც. ფასი დამოკიდებულია მანქანის მარკაზე და წლოვანებაზე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტექდათვალიერებისას საბურავები არ უნდა იყოს მეორადი, ახლების ფასი კი მინიმუმ 150 ლარიდან იწყება (ერთი ცალი).
თუმცა, ამ შემთხვევაში მძროლების ინტერესის გათვალისწინება რთულია, რადგან ავტომობილების ტექდათვალიერების ვალდებულება, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქვს ნაკისრი, რათა ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს, რაც თავის მხრივ, გაზრდის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და დადებითად აისახება გარემოს დაცვაზე.
იმას, რომ ავტომობილების ტექდათვალიერება უნდა დაწყებულიყო, დადებითად აფასებდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროც.
"ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3, და თავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების 40%, რომლის წილი ქალაქის დაბინძურებაში 95%-ზე მეტია. დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც ამ მავნე ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიების მოცულობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობაა", _ წერდა სამინისტრო განცხადებაში.
თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა, 2 წლით გადაიწევს და ნაცვლად 2015 წლისა, 2017 წლის 1-ელი მარტიდან შევა ძალაში.
ამის თაობაზე საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომლის განხილვაც დაჩქარებული წესით იგეგმება.
"გაერთიანებული დემოკრატების" წარმომადგენელი და თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ ატომობილების ტექდათვალიერების გადადებით, ხელისუფლება ამომრჩევლის განაწყენებას მოერიდა.
"რა ეშველება იმ სტატისტიკას რომლის მიხედვით გამონაბოლქვით დაავადებულთა რიცხვი ავტოპარკის ზრდასთან ერთად იზრდება? ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატები მიიჩნევენ რომ ტექდათვალიერების გადადება ნიშნავს, რომ კვლავ გაურკვეველი იქნება ავტოპარკის განახლების საკითხი და საწვავის ხარისხის კონტროლის ამოქმედება".