ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმის გოგლა ჟვანიას განცხადებით, პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დანაშაულს ჩადიოდნენ, ახლაც სერიოზულ თანამდებობაზე არიან.
"როგორ შეიძლება ადამიანი იყოს დაუსჯელი, რომელიც ჩადიოდა ბოროტებას? როგორ გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ საზოგადოებაში, თუ ბოროტების ჩამდენი ადამიანები პასუხს არაფერზე აგებენ? 300 ათას ადამიანს შეეხო ეს რეპრესიები, ეს არის უზარმაზარი მასშტაბის დანაშაული. ამას ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები და მათი ნაწილი დღესაც ხელისუფლებაშია. ისინი სხვადასხვა სტრუქტურებში, საკმაოდ სერიოზულ თანამდებობებზე რჩებიან და დალხენილად გრძნობენ თავს", _ აღნიშნა გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ სასამართლოების იმ მოსამართლეებისგან უნდა გაწმინდოს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს დანაშაულს ჩადიოდნენ.
"ელემენტარულად, უნდა დაიწყოს სახელმწიფო ორგანოების იმ ადამიანებისგან წმენდა, რომლებიც ჩადიოდნენ დანაშაულს. ერთ-ერთი კი, სასამართლო სისტემაა. არ შეიძლება, სამართლის აღსრულებას ახორციელებდნენ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ დანაშაულის ჩადენით იყვნენ დაკავებულები. როგორ შეიძლება იგივე მოსამართლემ დღეს გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება? ჩვენ გვჭირდება სერიოზული რეფორმები, ჩვენ გვჭირდება სტრუქტურული რეფორმები, ელემენტარულად, ადამიანები უნდა გამოიცვალონ. ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ველოდოთ, ვის როდის ამოეწურება ვადა? ყოველდღიურად დგება ათასნაირი განაჩენი, უამრავი საქმე იხილება", _ განაცხადა ჟვანიამ.