ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულმა ირაკლი ფირცხალავამ ბრალის დადგენილების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ამის შესახებ განცხადება ფირცხალავას ადვოკატმა, დავით ხაჟალიამ გააკეთა.
"საქმეში ჩადებულია ყველა მოწმის ჩვენება, ვინც კი გამოძიებამ დაკითხა საქმის მსვლელობისას და დაცვის მხარეს ყველა ამ ჩვენების შესწავლა მოუწევს. ირაკლი ფირცხალავამ ხელი არ მოაწერა ბრალის დადგენილებას და შენიშვნაც გააკეთა. მისი თქმით, ეს ბრალდება სცილდება ყოველგვარ გონებრივ ზღვარს,“ _ განაცხადა ხაჟალიამ.
შეგახსენებთ, რომ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავა და კიდევ ათი ყოფილი სამართალდამცავი პროკურატურამ გუშინ დააკავა. მათ 2006 წლის 2 მაისს, თბილისში, სანაპიროს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის მსვლელობისას ორი პირის – ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.