2015 წლის 4 მარტიდან სილქნეტის ინტერნეტ და სატელევიზიო სერვისებზე პირობები იცვლება.
ცვლილება შეეხება Silk ოპტიკურ / DSL ინტერნეტ პაკეტების სიჩქარეს, იზრდება Silk ოპტიკური / DSL ინტერნეტ და ძირითადი TV, ასევე თემატური პაკეტების ღირებულება.
ამავე პერიოდიდან გაუქმდება პაკეტები Region და Mini და მომსახურების გაწევა მოხდება Standard პაკეტის პირობების მიხედვით.
კომპანიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თანახმად მოიმატებს ინტერნეტის სიჩქარეც, თუმცა სილქნეტის აბონენტებისთვის ეს ინფორმაცია დამაჯერებელი არ არის.
კომპანიის მომხმარებლები ამბობენ, რომ "სილქნეტი“ ხელშეკრულების პირობებს მუდმივად არღვევს და ინტერნეტის სიჩქარე იმაზე გაცილებით დაბალი, რის თანხასაც აბონენტს ახდევინებენ.
მხოლოდ ჩოხატაურში ამ მიზეზის გამო კომპანიასთან ხელშეკრულებები როგორც კერძო, ასევე საჯარო დაწესებულებებმაც გაწყვიტეს.
სილქნეტთან თანამშრომლობაზე უარი ფიზიკურმა პირებმაც თქვეს.
"გურია ნიუსი“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით მსგავსი შემთხვევები სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა.
სილქნეტის მომსახურებით უკმაყოფილო აბონენტების რიცხვი ყოველდღე მატულობს. ცუდი მომსახურება, გაზრდილი ტარიფები და კომპანიის სტანდარტული პასუხი: "ამ ცვლილებით, ფაქტობრივად სილქნეტის ფასები საბაზრო ფასებს გაუსწორდა“.
"ისედაც ძვირი იყო გადასახადი და რასაც ვიხდიდით იმის ნახევარ მომსახურებასაც არ ვიღებდით. ახლა უარესი იქნება, კიდევ მეტს გადავიხდით და ისევ ისე იზოზინებს თქვენი ინტერნეტი. ჩვენი ნერვების ფასად არ ღირხართ, ამიტომ უარს ვამბობ თქვენს მომსახურებაზე. დამიჯერეთ ასე მარტო მე არ ვფიქრობ";
"ალოოოოოოოოოოო, სილქნეტის "ნაჩალნიკებოო" შემოსავალი მოგაკლდათ თუ ჩვენ გავფულიანდით ისე , რომ არც გაგვიგია? არ გრცხვენიათ?“;
„რასაც მოიგებთ თქვენი "ინტერნეტის გაუმჯობესებით", არსად დაგეკარგოთ“;
" რა უბედურებაა ეს? გუშინდელს შემდეგ 0.2-0.3 მბ მომეწოდება. მოგწერეთ, თქვენმა ტექნიკურმა სამსახურმა ვითომ გაასწორა და ცოტა ხანში ისევ დავარდა სიჩქარე. აპირებთ მომაწოდოთ ნორმალური ინტერნეტი? სადაა დაპირებული სიჩქარე?“;
"ყველა სახის და კატეგორიის ინტერნეტ მომსახურება უმჯობესდება და თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, რომ არ უნდა განვითარდეთ და ახალი ცვლილებების მიზანი მხოლოდ აბონენტების მოტყუება იყოს? თქვენი დარი კომპანია არ ახსოვს მსოფლიო ბაზარს და თან ხაზს ვუსვამ, რომ მონოპოლია გაქვთ სრული! თუმცა, დრონი მეფობენ და არა მეფენი!“;
"იცით რა მაინტერესებს ყველაზე უფრო? ევრო სტანდარტებში თუ ზის 192-512 kb. წმ-ში ინტერნეტ სიჩქარე?“;
" დარწმუნებული ვარ ერთ თვეში იგივე პრობლემები იქნება რაც იყო აქამდე, შენელებული ინტერნეტი, ნახევრად გათიშული და ერთდაიგივე პასუხები სილქნეტის წარმომადგენლებიდან. საერთო დაზიანებაა ქალბატონო, აღვადგენთ, მუშაობს შესაბამისი ორგანოები. თაღლითები ხართ, პირწავარდნილი თაღლითები!“
"კი მაგრამ ღმერთი გიწყენდათ DSL-ზე სამმაგი შეთავაზების მესამე პაკეტში ინტერნეტის Econom-ის ნაცვლად Standard პაკეტი ჩაგესვათ?! ახლა რა გამოდის, 78 ლარი უნდა ვიხადო თვეში და მხოლოდ 3 მბ/წმ მქონდეს ინტერნეტის სიჩქარე?“
კომპანის მომხარებლებმა ეს კომენტარები სილქნეტის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდზე დატოვეს.
კომპანია ყველას სტანდარტულ პასუხს წერს:
"ამ ცვლილებით, ფაქტობრივად სილქნეტის ფასები საბაზრო ფასებს აუსწორდა. ფასების გადახედვამდე საკმაოდ გრძელი პერიოდის განმავლობაში კომპანიამ შეძლო საბაზრო ფასებზე დაბალი ფასები დაეკავებინა, ახლა კი გადაწყვიტა ფასები გაეთანაბრებინა“.
იგივე პასუხი მიიღო "გურია ნიუსმა" სილქნეტის ოპერატორისგან.
კითხვაზე, ფასების ზრდა ლარის გაუფასურებასთან არის თუ არა კავშირში ასე გვპასუხობენ: "მთლიანად არა მაგრამ ნაწილობრივ, რადგან ვალუტის კურსის ცვლილება აისახება კომპანიის ფინანსურ პოზიციაზე".
_ გასაგებია რომ ფასი იზრდება, გაიზრდება თუ არა ინტერნეტის სიჩქარე, რომელიც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს?
_ ტარიფის ცვლილებასთან ერთად ინტერნეტ პაკეტების სიჩქარეც იმატებს.
_ ეგ მშრალი ინფორმაცია ვიცით, თუმცა, მაგ ლოგიკით ინტერნეტი ახლაც გამართულად უნდა მუშაობდეს. თუმცა, განსაკუთრებით რეგიონებში თქვენი მომსახურებით უკმაყოფილო აბონენტების რიცხვი ყოველდღე იზრდება.
_ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ხარისხიანი მომსახურება მიაწოდოს საკუთარ აბონენტებს.
_ ცდილობს ერთია და რა ხდება სხვა რამე… მაგალითად ჩოხატაურში ცუდი მომსახურების გამო თქვენს კომპანიას ბევრმა გაუწყვიტა ხელშეკრულება…
_ ამ ეტაპზე არსებული პირობები ვრცელდება, ნებისმიერი ტიპის სიახლეზე წინასწარ გაწვდით ინფორმაციას, _ დაგვიკონრეტა ოპერატორმა.
"სილქნეტის" მომხარებლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ კომპანიას ბაზარზე მონოპოლია უკავია და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ცუდ მომსახურებასთან ერთად ფასებიც გაიზარდა.