როგორც დედაქალაქის მერიიდან "გურია ნიუსს“ აცნობეს, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ წინა წელთან შედარებით, 2014 წელს ნაკლები სატენდერო ხელშეკრულება გააფორმა, სიმართლეს არ შეესაბამება.
თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის, დავით მორალიშვილის ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ 42 სატენდერო ხელშეკრულება გააფორმა.
"ინფორმაცია, თითქოს დეკემბერში 25 ხელშეკრულება გვქონდა ტენდერების საფუძველზე დადებული, არაზუსტი და ტყუილია. დეკემბერში გაფორმებულია 42 ხელშეკრულება. 2014 წლის აგვისტოდან, თბილისის მერიაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, საერთო ჯამში გამოცხადებულია 250 ტენდერი. მარტო მიმდინარე წლის თებერვლის სამ დღეში უკვე 18 ტენდერი გამოცხადდა. "ნაციონალურ მოძრაობას" დასჩემდა, რომ ასეთ არაზუსტ და არაკომპეტენტურ ინფორმაციას ავრცელებს“, _ განმარტავს მორალიშვილი.
რაც შეეხება ერთ პირთან დადებულ ხელშეკრულებებს, მისივე თქმით, „არსებობს კანონით გაწერილი პროცედურა და მერია ამ პროცედურას ზედმიწევნით იცავს“.
"2014 წლის აგვისტომდე თბილისის წინა მთავრობამ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები პრაქტიკულად შეაჩერა, რის გამოც იძულებული გავხდით, შემჭიდროებულ ვადებში დაგვეწყო ამ პროექტების განხორციელება. თბილისის მერიამ შესაბამისი პროცედურების დაცვით მიმართა საკრებულოს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემდეგ განხორციელდა ყველა შესყიდვა“, _ აცხადებს მორალიშვილი.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ 2015 წელს თბილისში კვლავ გაგრძელდება მთავრობის უნიათო პოლიტიკა, კორუფცია და უქნარობა.
ნადირაძე მერიას და დავით ნარმანიას კორუფციაში ადანაშაულებს.
ამავე თემაზე: