საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, თაღლითთა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის მაისის თვეში, ქ. მცხეთის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, მის მიერვე შექმნილ ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილ უფროსთან, ქ. მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლის დირექტორთან და კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა ქ. მცხეთაში, ფარნავაზის მოედნის მიმდებარედ 8 366 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ 125 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლებებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 2008 წლის მაისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 1 425 333 ლარს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე, 362-ე, 332-ე და 341-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7 დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
გარდა ამისა, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით.