"ნატო-ს გადაწყვეტილება, ჩაატაროს სამხედრო წვრთნები საქართველოში და შექმნას სამხედრო სასწავლო ცენტრი, კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს." – აცხადებს ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების საგარეოს საქმეთა მინისტრი.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS- ზე დაყრდნობით ონლაინგამოცემა www.focus-fen.net-ი ავრცელებს.
"ცხდია, რომ ქართული სამხედროების სწავლება და ნატო-ს წვრთნების საქართველოში ჩატარება, დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის მიზეზი გახდება, რადგანაც ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს აიძულებს საქართველოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან აგრესიის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები მიიღოს," – აცხადებენ სეპარატისტთა უწყებაში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქმედებები არ შეუწყობს ხელს ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობას, მითუმეტეს, რომ ოფიციალური თბილისი უარს აცხადებს ძალის გამოყენების შესახებ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე.
სეპარატისტული ხელისუფლების განცხადება ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც თბილისში ანტიტერორისტული მუდმივმოქმედი სასწავლო ცენტრის შექმნას გულისხმობს. წლის ბოლომდე კი თბილისში ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ძალების მონაწილეობით სამხედრო წვრთნებიც ჩატარდება.