ლანჩხუთის ა (ა)ი პ "სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში", ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ცენტრში გარკვეული სახის ცვლილებები განხორციელდა და რამდენიმე ახალი კადრიც დაემატა.
გარდა იმისა, რომ ცენტრის უფროსად გამგებელმა თავისი მრჩეველი, დავით წულაძე გაამწესა, თანამდებობა დატოვა დასავლეთ ზონის კურატორმა ნინო ხალვაშმა, რომელიც წლების განმავლობაში ამავე ცენტრის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
მთავარ ბუღალტერს, ლალი ტორონჯაძეს განცხადება აქვს დაწერილი, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მისი განცხადება ჯერ არ დაკმაყოფილებულა და სავარაუდოდ იგი ცენტრში მუშაობას რიგითი ბუღალტრის რანგში გააგრძელებს.
ჩვენივე ინფორმაციით, მთავარი ბუღალტრის პოსტს ცენტრის ძველი კადრი მარინა ქანთარია ჩაიბარებს. რაც შეეხება, დასავლეთ ზონის კურატორობას, ამ თანამდებობაზე ხალვაში სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის ექს-წარმომადგენელმა ბესო კუპრაძემ ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღების ცენტრში, ეს მეორე გამგებლის ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც ზონის კურატორობას იბარებს. კუპრაძეს ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობის დათმობა იმის გამო მოუხდა, რომ მან საჯარო მოხელეთა ტესტირებისას დაწესებული მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა და რის გამოც სამსახური, როგორც არაერთს, მასაც ა (ა) ი პ-ში გამოუძებნეს.