თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის გახსნასთან დაკავშირებულ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიას ეხმაურება.
"კორტების სპეცოპერაციის დროს არც მთავრობაში ვიყავი და პირადადაც არ ვიცნობ პოლიციელებს, ვინც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. თან, პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ეს იყო 11 პოლიციელის პირადი შურისძიება მოკლული ხუბულოვის მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის რასაც ახლა ვიტყვი, არ იქნება მიღებული, როგორც სუბიექტური მოსაზრება.
თუ საზოგადოება დაუჯერებს პროკურატურას, კორტების სპეცოპერაცია დაიგეგმა ფირცხალავს მიერ ხუბულოვის მოსაკლავად. ამ ვერსიის საწინააღმდეგოდ არის ორი ლოგიკური შეკითხვა, რაც ყველამ, ვისაც კრიტიკული აზროვნება აქვს, საკუთარ თავს უნდა დაუსვას:
1.ფირცხალავას არ ჰქონდა ძალაუფლება, რომ ერთპიროვნულად გადაეწყვიტა ოპერაციაში სპეცრაზმის გამოყენება. ამისთვის საჭირო იყო და არის კურატორი მინისტრის მოადგილის სანქცია და რადგან სპეცრაზმი იქ იყო, ესე იგი სანქცია გაცემული იყო.
2.თუ ფირცხალავას ხუბულოვის მოკვლა უნდოდა, მაშინ უფრო მარტივი და ლოგიკური იქნებოდა მისთვის, რომ ეს განეხორციელებინა იქ, სადაც ზედმეტი მოწმეები არ იქნებოდნენ და შემთხვევითი მსხვერპლის საშიშროებაც არ იქნებოდა.
მაგალითად, ხუბულოვის სახლში. თან, ოპერაციის ხელმძღვანელი თვითონ არ იქნებოდა, რომ ზედმეტი შეკითხვები არავის გასჩენოდა და 11 კაცი კი არ იქნებოდა ამისთვის საჭირო, არამედ 1-2.
აშშ-ში, როცა მართვის მოწმობის ასაღებად აბარებ გამოცდას, ჯერ უნდა ნახო სპეციალური ფილმი, რომლის მთავარი ლეიტმოტივი ისაა, რომ სტატისტიკით აშშ-ში რამდენჯერმე მეტი პოლიციელი იღუპება მანქანის გაჩერების მომენტში, ვიდრე სპეცოპერაციების დროს და ამიტომ, სახელმწიფო აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ პოლიციელი თქვენი მანქანის გაჩერების მომენტში დიდი სტრესის ქვეშ არის და თქვენ არ უნდა გააკეთოთ არცერთი ზედმეტი მოძრაობა, მითუმეტეს ისეთი, რომელიც პოლიციელის მიერ იქნება ინტერპრეტირებული, როგორც მისი სიცოცხლის ან საზოგადოების უსაფრთხოების საწინააღმდეგო.
ამას იმათთვის ვამბობ, ვისაც უკვირს, რომ სამართალდამცავებმა ცეცხლი გახსნეს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს ამ ტრაგედიის სიმძიმეს და ნებისმიერ ადამიანის დაღუპვა უდიდესი ტრაგედიაა. მაგრამ არ შეიძლება, ჩემი აზრით, ამ ტრაგედიით მანიპულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და ქართველი პოლიციელების მიწასთან გასწორება…", _ წერს სოციალურ ქსელში შაშკინი.