ქუთაისში, სამი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, 19 წლის ნანა გიგლემიანის დედამ და ახლობლებმა, ნამდვილი დამნაშავის დაკავების მოთხოვნით, ყოფილი სასტუმრო "თბილისის" წინ გზა გადაკეტეს.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები და თვითმხილველები აცხადებენ, პოლიციამ სრულიად უდანაშაულო ადამიანი დააკავა, ნამდვილი დამნაშავე კი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
თვითმხილველები იმ ვიდეოჩანაწერების ამოღებასაც ითხოვენ, რომელიც სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.
თუმცა, სამართალდამცავების განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერები არ არსებობს, რადგანაც იმ მომენტში ქუჩაზე ელექტროენერგია იყო გათიშული, რასაც ახლომდებარე მაღაზიის გამყიდველი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ შემთხვევის მომენტში მათ ელექტროენერგია მიეწოდებოდათ.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ავტომანქანას, რომელიც 19 წლის ნანა გიგლემიანს დაეჯახა ქალი მართავდა, რომლის მეუღლეც პოლიციის თანამშრომელია.
მათი თქმით, საქმის გამოძიება სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება და ნამდვილ დამნაშავეს ხელს აფარებენ.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი მიცვალებულს მანამ არ დაკრძალავენ, სანამ ნამდვილ დამნაშავეს არ იპოვნიან.