საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბორჯომში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა დაღუპული პოლიციელის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
"ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს და მის კოლეგებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომელიც გვიცავს თითოეულ ჩვენგანს, იცავს ჩვენს სიმშვიდეს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მათგანის სიცოცხლე ასე ტრაგიკულად სრულდება; მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მადლიერი ვართ მათი თავდადებისათვის და პატივს ვცემთ მათ ღვაწლს", – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.
"კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ქართველი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს.
გიორგი ბერუაშვილი პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს, იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პატრულირების დროს დაიღუპა. მისი სიცოცხლე დამნაშავეობასთან ბრძოლას შეეწირა.
პატივს მივაგებ მის ხსოვნას, რომელმაც ღრსეულად მოიხადა ვალი თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე."
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.