"რუსეთი საქართველოში საინფორმაციო ომს შეფარვით აწარმოებს. პროცესი ჯერ ნდობის მოპოვების ეტაპზეა, როგორც ნაღმია ჩადებული და მათ აქვთ მართვის პულტი. როდესაც დასჭირდებათ, ღილაკს ხელს დააჭერენ."
ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ჰიბრიდული ომის წარმოების საკითხი. ექსპერტთა ნაწილის აზრით, უამრავი ფაქტი მიანიშნებს, რომ ომი უკვე მიმდინარეობს. დასავლელი ლიდერები კი, ჰიბრიდულ ომს არამარტო საქართველოში, არამედ მოლდოვასა და ბალტიისპირეთშიც წინასწარმეტყველებენ.
შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოში ჰიბრიდული ომის წარმოების ფაქტებზე საჯაროდ ალაპარაკდა, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძეა.
განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ლაგაზიძე კითხვას სვამს – ვიმყოფებით თუ არა ჰიბრიდული ომის სტადიაში და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფაქტების ანალიზის გზით, ფაქტობრივად, დადებითად პასუხობს მისსავე წამოჭრილ კითხვას.
"რა არის ჰიბრიდული ომი? ეს არის ომი მართვადი ქაოსის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი საინფორმაციო ომია, მოწინააღმდეგის სრული დემორალიზების მიზნით. გამოყოფენ ჰიბრიდული ომის ელემენტებს: მიზანში ამოღებულ სახელმწიფოში "დასაყრდენი ჯგუფების" შერჩევა და მათი გამოყენება პროვოკაციებისთვის, სიტუაციის შერყევა და კრიზისის ინსპირირება მსხვერპლ სახელმწიფოში; ქვეყნის დეგრადაცია, გაღატაკება და დაშლა; აგრესორისთვის სასურველი პოლიტიკური ხელისუფლების მოყვანა სამიზნე ქვეყნის სათავეში".
ლაგაზიძე საქართველოში ძირითადად ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ მთავარ ელემენტზე – საინფორმაციო ომზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ რუსული საინფორმაციო პროპაგანდისგან საქართველოს საინფორმაციო სივრცე სრულიად დაუცველია.
"უკვე ორი წელია რუსული საინფორმაციო ნაკადის გავლენაში ვიმყოფებით, რომელიც გვაჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთადერთი გზა რუსეთია და იმავდროულად, როგორი უნაყოფო აღმოჩნდა საქართველოსთვის დასავლური გზა".
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია "გურია ნიუსთან" ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომის მთავარი კომპონენტის, საინფორმაციო ომის ნიშნებზე საუბრობს.
თუმცა, ფიქრობს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ჰიბრიდულ ომს ნაკლები აზრი აქვს, რამდენადაც აქ ომი უკვე იყო.
მისი თქმით, რუსეთი ამ ეტაპზე უფრო რბილი ძალის კომპონენტებს იყენებს, როგორიცაა პრორუსული ტელევიზიები, რადიოები, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება… რათა მთლიანად შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი.
"ამ გზით ცდილობს საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეცვალოს".
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ჩანს, მთელი ძალისხმევა მიმართულია ქართულ საზოგადოებაში იმ დასაყრდენის შექმნაზე, რომელიც საპირწონე იქნება იმ პროევროპული ძალებისა, რაც აქ არსებობს. ამასთან, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ დასრულდება უკრაინის კრიზისი, რადგან მისი თქმით, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ფასეულობების მხრივ პროევროპული განწყობის არ არის. გარდა ამისა, მოსახლეობის მერყევი ნაწილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების შესაბამისად იცვლის პოზიციას.
"ეს ნაწილი ძალიან სახიფათოა. სწორედ იმას ცდილობენ პრორუსული ძალები, რომ რაღაცნაირად თავიანთი ბირთვი შექმნან, შემდეგ ეს მერყევი ნაწილიც გადაიბირონ და თანდათანობით საზოგადოებრივი აზრიც შეცვალონ".
კაკაჩია ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში პოზიციური ვითარების აშკარა ცვლილებაზეც საუბრობს. მისი თქმით, პრორუსული განწყობა უკვე შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია როგორც მედიაში, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებში.
მისი თქმით, პოლიტიკაში ხელისუფლების მხრიდან საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნება ჯერჯერობით არ იგრძნობა, რამდენადაც ის ინერციით ძველ კურსს მაინც მიჰყვება. თუმცა, თუ საზოგადოებრივი აზრი მეტ-ნაკლებად შეიცვალა, ეს ხელისუფლების პოზიციაზეც აისახება.
"ხელისუფლებაში გვყავს გარკვეული ელემენტები, რომლებიც იდეოლოგიურად შორს არ არიან იმ ჯგუფებისგან, რომელზეც ვისაუბრეთ. ჯერჯერობით, ბოლომდე გავლენა არ აქვთ, მაგრამ კოალიციის დაშლის ან სხვა ძვრების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, ეს ჯგუფები გაძლიერდნენ. ამ ეტაპზე ისინი ხელისუფლებაზე პირდაპირ გავლენას ვერ ახდენენ. თუმცა, რუსეთთან ურთიერთობის და სხვა მსგავს საკითხებში მაინც ახერხებენ," _ უთხრა "გურია ნიუსს" კორნელი კაკაჩიამ.
პრორუსული მედია თუ არასამთავრობო ძალების გააქტიურება ბუნებრივია, საზოგადოებრივი აზრის ცვლილებას ემსახურება და თვისობრივად, საინფორმაციო ომს უკავშირდება. თუმცა, კაკაჩია ხათუნა ლაგაზიძისგან განსხვავებით, მას "რბილ ძალას" უწოდებს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი აღნიშნავს, რომ საინფორმაციო ომის მთავარი კომპონენტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში შეღწევის გზით, მასაზე ზეგავლენის მოხდენა, ამა თუ იმ იდეის მხარდაჭერის მოპოვება და დამკვეთის პოლიტიკის გატარებაა.
მისი თქმით, დღეს საინფორმაციო ვითარება უფრო ორ პოლუსს – "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის ნაწილდება. თუმცა, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც საინფორმაციო ომის მხარედ შეიძლება მოიაზრებოდნენ.
"ვფიქრობ, რუსეთი ჯერჯერობით, ფრთხილად მოქმედებს, რადგან პირველ ეტაპზე ნდობა არის მოსაპოვებელი. შემდეგ კი, ამ ნდობის მოპოვების პროცესში, ცნობადი სახეების, სხვადასხვა, სპეციალურად დაფინანსებული ჯგუფების ჩართვა, რომლებსაც ვითომ ეროვნული სულისკვეთება ამოძრავებთ. ანუ ამბობენ, რომ არც რუსეთი გვინდა და არ ამერიკა და ქვეტექსტურად რუსეთს ლობირებენ".
პირმისაშვილი მიიჩნევს, რომ "რუსეთი საქართველოში საინფორმაციო ომს შეფარვით აწარმოებს. პროცესი ჯერ ნდობის მოპოვების ეტაპზეა, როგორც ნაღმია ჩადებული და მათ აქვთ მართვის პულტი. როდესაც დასჭირდებათ, ღილაკს ხელს დააჭერენ."
როგორც ირკვევა, მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი, პოლიტოლოგების მსგავსად, საქართველოში რუსულ საინფორმაციო ომზე მიუთითებს. თუმცა, ჯერჯერობით, ამის შესახებ ოფიციალურად არავინ საუბრობს და არც იმაზე, ჰიბრიდული ომის ნაწილია ეს თუ არა.
შესაბამისად, პროცესის შეჩერების ან დაბალანსების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ჯერ არ ჩანს. ამასთან, პროდასავლურ ძალებზე შეტევები სულ უფრო ხშირდება როგორც პრორუსული ე.წ. ეროვნული ძალების, ისე მთავრობის მოქმედი და ყოფილი წევრებისა თუ რელიგიურ ლიდერთა ნაწილის მხრიდან.