"მოვუწოდებთ ხელისუფლებას მიიღოს დროებითი საკანონმდებლო ინიციატივა და უცხოური ვალუტის მომსახურების საკრედიტო პროცენტების გაანგარიშება და მოთხოვნა-გადახდა მოხდეს ლარის მეგა გაუფასურებამდე არსებული დაფიქსირებული გაცვლითი კურსით."
დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას საკრედიტო პროცენტების გაანგარიშებასთან დაკავშირებით, დროებითი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებისკენ მოუწოდებს.
"მოგეხსენებათ თუ რა პროცესები განვითარდა და ვითარდება ქვეყანაში ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში.
იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკა იმპორტის ეკონომიკაა დაიწყო ფასების ზრდა, რომელიც მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას, თუმცა ახლა თქვენი ყურადღება გვინდა სხვა პრობლემაზე გავამახვილოთ. საქმე ეხება ბოლო დროს ლარის დევალვაციის გამო ისედაც ძვირი კრედიტების რეალურად კიდევ უფრო გაძვირებას, რამაც ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი.
მოსახლეობას საგრძნობლად გაუძვირდა უცხოურ, ძირითადად ამერიკულ დოლარში აღებული კრედიტების მომსახურეობა. გამომდინარე აქედან და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მუდმივ ზემოგებაზე მუშაობს, მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში სოლიდარობის კომპონენტი ყველაზე უნდა ნაწილდებოდეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას მიიღოს დროებითი საკანონმდებლო ინიციატივა და უცხოური ვალუტის მომსახურების საკრედიტო პროცენტების გაანგარიშება და მოთხოვნა-გადახდა მოხდეს ლარის მეგა გაუფასურებამდე არსებული დაფიქსირებული გაცვლითი კურსით.
წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ქვეყანაში არაპროგნოზირებადი დამატებითი გამოწვევები გაჩნდება და ყოველივე ეს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას შეუწყობს ხელს დღევანდელ არასტაბილურ პერიოდში."