კარტოფილი, გარდა მისი პირდაპირი დანიშნულებისა, ძალიან ეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაცაა. იგი გამოიყენება დიეტურ კვებაში, ვიტამინის დეფიციტისას. ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე, სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, კარტოფილი აჩქარებს ზოგიერთი დაავადებიდან გამოჯანმრთელების პროცესს. მაღალი ბიოლოგიური ღირებულებისაა კარტოფილის ბოლქვები, რომლებიც მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით. კალიუმის მაღალი შემცველობა განაპირობებს კარტოფილის გამოყენების ეფექტურობას გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებებისას. კალიუმის ნაერთი აძლიერებს ორგანიზმიდან მარილებისა და წყლის გამოდევნას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს სისხლის წნევის დარეგულირებას არტერიული ჰიპერტენზიის დროს და ამცირებს შეშუპებას. არის კარგი შარდმდენი და სპაზმოლიტიკური საშუალება.
კარტოფილის სისტემატურად რთავენ იმ ავადმყოფთა რაციონში, რომელთაც აღენიშნებათ პრობლემები სისხლის მიმოქცევაში, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა. ასეთ შემთხვევებში ხშირად მიმართავენ ე.წ. განმტვირთავ დიეტას, რომლის დროსაც ავადმყოფს კვებავენ დღეში 5-ჯერ, ყოველ ჯერზე 300 გრ. კანიანად მოხარშული ან ღადარში გამომცხვარი კარტოფილით.
ყბა-სახის ტრავმის ან ოპერაციის, ინსულტის, პირის ღრუში ავთვისებიანი წარმონაქმნების, დიაბეტური კომის, თირკმლის მძიმე უკმარობის, დამწვრობის დროს, ავადმყოფებს უნიშნავენ კვების ისეთ რაციონს, რომელიც მიეწოდება ზონდით. ცალკეულ შემთხვევაში ამ მიზნით გამოიყენება ნახევრადთხევადი რძიანი კარტოფილის პიურე.
როდესაც ავადმყოფებს აღენიშნებათ კუჭის წვენის სეკრეციის ფუნქციონალური მომატება მაღალი მჟავიანობით, დიეტურ რაციონში შეაქვთ მოხარშული და გახეხილი კარტოფილი. კარტოფილის ახალგამოწურული წვენი ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და წყლულოვანი კერების სამკურნალო თვისებები. წვენს იღებენ დღეში სამჯერ ნახევარ-ნახევარ ჭიქას, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე (ყოველ ჯერზე ახალგამოწურული).
ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას, სასარგებლოა ახალმოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაცია. ამ მიზნით უმჯობესია შეირჩეს წვრილი კარტოფილი, შეიძლება უკვე გაკვირტული და ნარჩენებიც კი (ნათალი), რა თქმა უნდა, წინასწარ ჯაგრისით კარგად გარეცხილი. უნდა მოიხარშოს, რაც შეიძლება, ცოტა წყალში ისე, რომ ორთქლი ასდიოდეს არა მხოლოდ წყალს, არამედ _ მოხარშულ მასას. ავადმყოფი თავზე გადაიფარებს პირსახოცს და 10-15 წთ. განმავლობაში სუნთქავს ცხვირით და პირით (ამ პროცედურის შემდეგ არ შეიძლება ცივ ჰაერზე გამოსვლა). სამკურნალო ეფექტი მიიღწევა არა მხოლოდ ცხელი, ნოტიო ორთქლის შესუნთქვით, არამედ ბოლქვში არსებული მიკრობსაწინააღმდეგო ნივთიერებებითაც. კანიანად მოხარშული, დაჭყლეტილი, თბილი კარტოფილი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც გამათბობელი კომპრესი მკერდის ზედა ნაწილისა და ზურგისთვის.
ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან გამოიყენებს კარტოფილს დამწვრობის, სველი ეგზემის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მისი დადებითი მოქმედების საიდუმლო C და P ვიტამინების, სოლანინისა და სახამებლის საოცარ შერწყმაშია; შედეგს ისიც განაპირობებს, რომ კარტოფილში არსებული ფიტონოციდები ქმნიან არახელსაყრელ პირობებს მიკრობებისთვის.
დამწვრობის სამკურნალოდ უმი კარტოფილის ახალგახეხილი ფაფისებრი მასა უნდა გაიხვეს ორად მოკეცილ ტილოს ნაჭერზე და დაეფინოს დაზიანებული ადგილს 1-1,5 საათით. ასეთი კომპრესი ხსნის ტკივილს, წვას, შესიებას და ხელს უწყობს ქსოვილის აღდგენას.
უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, კვების რაციონიდან კარტოფილი მთლიანად უნდა გამოირიცხოს ენტერიტის ენტეროკოლიტისა და კოლიტის შემთხვევაში, განსაკუთრებით პროცესის გამწვავებისას; შეზღუდული უნდა იქნას კარტოფილის მოხმარება საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების, შაქრიანი დიაბეტის და 60%-იანი ზედმეტი წონის დროს.
შხამიანი გველისგან დაკბენილი ბრაზილიელი ინდიელები სასწრაფოდ სვამენ კარტოფილის წვენს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა გველის შხამის წინააღმდეგ; ლათინური ამერიკის მრავალი მცხოვრები კი თავის ტკივილს დღესაც შუბლზე მიკრული კარტოფილის ნაჭრებით იყუჩებს.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, ალბათ, დააინტერესებთ ტოპინამბური _ მიწის მსხალი. ამ მცენარის მსხლისებრი ფორმის ბოლქვები კარტოფილს მოგაგონებთ. აქვს უამრავი სასარგებლო თვისება. ევროპაში ტოპინამბური ამერიკიდან შეიტანეს XVII-ის დასაწყისში. დღეს უკვე ფართოდაა გავრცელებული უკრაინაში, ბელორუსიაში, კავკასიაში, შუა აზიაში. მას განსაკუთრებული ღირებულება აქვს შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში. იგი გარკვეულწილად ცვლის კარტოფილს. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ტოპინამბურში არის არა სახამებელი, როგორც კარტოფილში, არამედ ინულინი (15%) რომელიც დაშლისას არ იძლევა გლუკოზას. ინულინი ერთადერთი ბუნებრივი პოლიმერია, რომელიც თითქმის მთლიანად შედგება ფრუქტოზისგან.
დავუბრუნდეთ კარტოფილს. მისი კულინარული ხარისხი დამოკიდებულია სახეობაზე, ნათესის მოვლის პირობებზე, შენახვაზე, მომზადებაზე. კანიანად მოხარშული კარტოფილი ინარჩუნებს 75% ჩ ვიტამინს; უკანოდ, მდუღარე წყალში ჩაყრილი და მოხარშული _ 35%-ს, დაჭრილი და ცივ წყალში ჩაყრილი _ 10%-მდე. კარტოფილი აუცილებლად კანიანად უნდა მოიხარშოს თავდახურულ ჭურჭელში. მისი გასუფთავება უმჯობესია უშუალოდ გამოყენების წინ. წყალში ჩატოვებული დაჭრილი კარტოფილი ერთი საათის შემდეგ მთლიანად კარგავს ჩ ვიტამინს. თუ კარტოფილს შეწვამდე 2-3 წუთით გააჩერებთ მდუღარე წყალში, შემდეგ გაამშრალებთ და ისე შეწვავთ, უფრო სწრაფად და ლამაზად დაიბრაწება და გემრიელიც გამოვა.
სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში სხვადასხვაგვარი გამოყენება აქვს კარტოფილს. ამჯერად უკრაინულ სამზარეულოს შემოგთავაზებთ:
სალათა
4 ულუფისთვის საჭიროა: 4 ცალი კარტოფილი, 2 პომიდორი, 1 კიტრი, 1 სუფრის კოვზი კარაქი, 2 კვერცხი, 150 გრამი მწვანე ხახვი, 3/4 ჭიქა არაჟანი, მწვანილი, მარილი.
მომზადება: გასუფთავებულ კარტოფილს მიეცით სოკოს ფორმა “ქუდის” გარეშე. მარილიან წყალში მოხარშეთ მომზადებამდე. გააცივეთ, ფართო ძირით დადგით საუზმის თეფშზე, ზემოდან დაახურეთ ნახევარი პომიდორი, რომელსაც მორთავთ კარაქის მარცვლებით. დაჭერით მოხარშული კვერცხი და მწვანილი, მოაყარეთ მარილი, აურიეთ არაჟანში და “სოკოს” ირგვლივ დაალაგეთ. ყველაფერი გაჰყავით 4-ად და ერთნაირად მორთეთ.
ვარენიკები კარტოფილით
4 ულუფისთვის საჭიროა: 1 ჭიქა პურის ფქვილი, 1 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი კარაქი ან 1 ჭიქა არაჟანი, თბილი წყალი, მარილი.
ფარშისთვის: 400 გრამი კარტოფილი, 1-2 ცალი ხახვი, 1 სუფრის კოვზი ზეთი.
მოზილეთ ცომი და დატოვეთ 30-40 წუთი. მოამზადეთ ფარში: მოხარშული კარტოფილი გაატარეთ ან გახეხეთ ცხლად, მოაყარეთ მარილი და შეურიეთ მოშუშული ხახვი.
მზა ცომი დაიყვანეთ 2 მმ. სისქეზე, გამოჭერით მრგვალი ფორმით. კიდეებს წაუსვით კვერცხის გარსი (წყალთან შერეული), დააწებეთ და მიაღებინეთ ნებისმიერი ფორმა. მზა ვარენიკები ჩაყარეთ მარილიან მდუღარე წყალში და მოხარშეთ, როგორც ხინკალი. მიირთვით გამდნარ კარაქთან ერთად.
შემწვარი კარტოფილი შავქლიავით
6 ულუფისთვის საჭიროა: 1 კგ. კარტოფილი, 8-10 ცალი შავქლიავის ჩირი, 4 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი.
შავქლიავის ჩირი ჩაალბეთ წყალში 2 საათით. გასუფთავებული მოხარშული კარტოფილი დაჭერით წვრილ, მოგრძო ნაჭრებად და შეწვით შეწითლებამდე. ასეთივე ნაჭრებად დაჭერით ჩირიც. მოაყარეთ კარტოფილს, მოაფრქვიეთ მარილი და კიდევ 5 წუთი. გააჩერეთ ცეცხლზე.
კარტოფილის კატლეტები კიევურად
10 ულუფისთვის საჭიროა: 1 კგ. კარტოფილი, 1,5 სუფრის კოვზი ზეთი, 2,5 სუფრის კოვზი ცხიმი (ერბო ან კარაქი), 1 ჭიქა რძე, 2,5 ჭიქა ფქვილი, 2 სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი, 2 კვერცხი, 20 გრ. მშრალი სოკო, 4 სუფრის კოვზი დაფხვნილი ორცხობილა, მარილი.
კარტოფილი მოხარშეთ, გაასუფთავეთ, გახეხეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ კვერცხი, სახამებელი და მარილი.
ფქვილი ოდნავ მოხალეთ და გააზავეთ რძით ისე, რომ მიიღოთ სქელი სოუსი. აადუღეთ, ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი მოხარშული სოკო, მზა კარტოფილი დაყავით ბურთულებით, გააბრტყელეთ, ყოველ მათგანზე დადეთ სოკოს ფარში, დახურეთ და ამოავლეთ ფქვილში. დაასველეთ ათქვეფილ კვერცხში და ამოავლეთ ორცხობილაში. შეწვით ზეთში. მიართვით სოუსთან ერთად (რომელიც დაგრჩათ სოკოს მოხარშვის შემდეგ).
კარტოფილის რულეტი კვერცხით
10 ულუფისთვის საჭიროა: 1 კგ. კარტოფილი. 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი გამდნარი ღორის ქონი, 1,5 ხახვი, 2 ჩაის კოვზი ფქვილი, 2 ჩაის კოვზი დაფქული ორცხობილა, 1 ჭიქა არაჟნის სოუსი, მარილი.
ფარშისთვის: 3 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოვზი გამდნარი ცხიმი, 2 ხახვი.
მომზადება: “მუნდირში” მოხარშული კარტოფილი გაასუფთავეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. მოამზადეთ ფარში: მოხარშული კვერცხი წვრილად დაჭერით, ხახვი დაჭერით და მოწვით ღორის ქონში, შეურიეთ დაჭრილი კვერცხი და მაშინვე გადმოდგით. კარტოფილის მასა გადაიტანეთ დაფაზე (წინასწარ დაასველეთ დაფა ცივი წყლით) გააბრტყელეთ 1,5-2 სმ სისქემდე. ზემოდან თანაბრად დაალაგეთ მზა ფარში. დაახვიეთ რულეტის მსგავსად, გადაიტანეთ ცხიმიან ტაფაზე და შეწვით ჰაერღუმელში. (ან, თუ კვერცხით უფრო მოგწონთ, უკვე მზა რულეტს გაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაფრქვიეთ დაფქული ორცხობილა, მოაპკურეთ ზეთი და ისე შებრაწეთ).
მზა რულეტი დაჭერით, ცხლად მიართვით არაჟანთან ან არაჟნის სოუსთან ერთად. შეგიძლიათ გაალამაზოთ რგოლებად დაჭრილი ხახვით.
კარტოფილის ჩხირები
5 ულუფისთვის საჭიროა: 1 კვერცხი, 5 სუფრის კოვზი კარაქი, 2 სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი, ოხრახუში, მარილი.
მოხარშული კარტოფილი გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ კვერცხი, სახამებელი და დაჭრილი ოხრახუში, მოაფრქვიეთ მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ. მიღებული მასა დაყავით 1 სმ დიამეტრისა და 10-12 სმ. სიგრძის ჩხირებად. შეწვით ზეთში. სუფრასთან მიტანამდე მოასხით გამდნარი კარაქი და მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით.
კარტოფილის კროკეტები ხორცით
10 ულუფისთვის საჭიროა: 1,2 კგ. კარტოფილი, 2 კვერცხი, 4 სუფრის კოვზი ღორის ქონი, წიწაკა, მარილი. ფარშისთვის: 300 გრ. ღორის ხორცი. 2 ხახვი, 1 სუფრის კოვზი გამდნარი ქონი, წიწაკა, მარილი.
უმი კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაწურეთ. დაამატეთ კვერცხი, მარილი და აურიეთ. მოამზადეთ ფარში: ღორის ხორცი დაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ მარილი, შავი წიწაკა და მოშუშული ხახვი. კარტოფილის მასიდან გააკეთეთ ბურთულები, გამოტენეთ ფარშით და ამოავლეთ ფქვილის საფანელში. შეწვით, ჩაალაგეთ ღრმა ტაფაში, მოასხურეთ ზეთი და 10 წუთით შედგით ჰაერღუმელში. სუფრასთან მიიტანეთ ცხლად, შეგიძლიათ მოასხათ არაჟანი ან ცალკე მიართვათ.