თბილისის მერია, ნიკა მელიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, დავით ნარმანიას ბრძანებით, მისი 15 თანამშრომელი გასამმაგებულ სახელფასო დანამატს მიიღებს.
"დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ინფორმაცია მერიის თანამშრომლების სახელფასო დანამატების შესახებ, რომლითაც კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო, თბილისის მერიის თანამშრომლებს – მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, მერის მრჩეველსა და მერიის ადმინისტრაციის უფროსის აპარატის უფროსს 2015 წლის 1 იანვრიდან ეძლევათ ხელფასის ერთმაგი ოდენობის დანამატი.
ამასთან, დედაქალაქის მთავრობამ, განსხვავებით თბილისის წინა მთავრობისგან, უარი თქვა პრემირების მანკიერ სისტემაზე და ის მკაცრი რეგულაციის ქვეშ მოაქცია. შევახსენებთ როგორც ნიკანორ მელიას, ისე მის თანაპარტიელებს, რომ 2014 წლის აგვისტომდე მერიაში თანამშრომლები ყოველთვიურად იღებდნენ როგორც ხელფასს, ისე დანამატსა და დიდი ოდენობით პრემიებს. მათ შორის, მაგალითად, მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, ყოველთვიურ ხელფასთან და დანამატთან ერთად, მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, საშუალოდ 8-10 ათასი ლარის ოდენობის პრემია აქვთ მიღებული.
თბილისის მერიის ახალმა მთავრობამ, უფლებამოსილების ცნობისთანავე, უარი თქვა იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რაც წლების განმავლობაში მელიამ, აბესაძემ, უგულავამ და მათმა თანამოაზრეებმა სისტემის ნაწილად აქციეს. ამიტომაც, მოვუწოდებთ ამ ადამიანებს, ნუ დაივიწყებენ საკუთარ დანაშაულებს და ნუ ეცდებიან, მიზანმიმართული ბინძური კამპანია აწარმოონ თბილისის მერიის წინააღმდეგ.",_ ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თქმით, თბილისის მერმა 2014 წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, სადაც ნათქვამია, რომ მერიის თანამშრომლები ხელფასთან და პრემიასთან ერთად გასამმაგებულ სახელფასო დანამატს 2015 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ.
„ნაციონალური მოძრაობის წევრი მიმართავს დავით ნარმანიას – გასცეს პასუხი, რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული ბრაძანების გაცემა დღეს თბილისის მერმა უარყო და ბრალდებას აბსურდული უწოდა.