ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ზამთრის კურორტები დაასახელა. მთავარი კრიტერიუმი რეიტინგის განსაზღვრისას უძრავი ქონების ფასი იყო.
ევროპის ყველაზე ძვირიანი სამთო-სათხილამურო კურორტების რეიტინგში პირველი ადგილი ფრანგულმა კურორტმა – კურშეველმა დაიკავა, სადაც უძრავი ქონების ერთი კვადრატული მეტრის ფასი 36,9 ათასი ევროა. აქ ერთკვირიანი საშვი თხილამურებზე დასაშვებად 216 ევრო ღირს.
ამ რეიტინგში მეორე ადგილი ფრანგულ სამთო კურორტ მერიბელს ერგო – იქ კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი გაცილებით ნაკლები – 17,8 ათასი ევრო ღირს, თუმცა, ერთკვირიანი საშვი თხილამურებზე დასაშვებად 267 ევრო ჯდება.
მესამე ადგილი შვეიცარიულ კურორტ სენტ მორიცს ხვდა წილად. აქ ერთი კვადრატული მეტრი ფართის ფასი 17,1 ათასი ევროა, ერთკვირიანი სათხილამურო საშვი კი – 240 ევრო.
მეოთხე და მეხუთე ადგილებიც ფრანგულმა და შვეიცარიულმა კურორტებმა – ვალდიზერმა (კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი – 15,6 ათასი ევრო) და ცერმატმა (კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი – 13,5 ათასი ევრო) გაინაწილეს.
ყველაზე ძვირად ღირებული ზამთრის კურორტების ათეულში ასევე მოხვდნენ ავსტრიული კიტცბიული, შვეიცარიული ვილარი, ფრანგული მეჟევი და შამონი.
საინტერესოა, რომ ევროპის ზამთრის ცნობილ კურორტებზე უძრავი ქონების მყიდველთა რეიტინგში რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ, რომლებიც 40 პროცენტს შეადგენენ უძრავი ქონების მყიდველ უცხოელებს შორის.