(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ სამშაბათს, ჩოხატაურში კიდევ ერთი ყაჩაღობა მოხდა. დღის პირველ ნახევარში, სოფელ ჩაისუბანში, თავს დაესხნენ პენსიების დამტარებელს, 41 წლის ზოია აბუსერიძეს და მას პენსიებისთვის განკუთვნილი თანხა _ 5 000 ლარი წაართვეს. აბუსერიძე ყაჩაღებმა სასტიკად სცემეს. დაზარალებული მრავლობითი დაზიანებით ჩოხატაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ჩვენთან საუბრისას საავადმყოფოს დირექტორმა, თემურ კოროშინაძემ განმარტა, აბუსერიძე საავადმყოფოს მიმღებში 22 ნოემბერს, 14 საათზე შეიყვანეს:
_ მას ჰქონდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და მუცლის ფარის დაჟეჟილობა, _ აღნიშნა კოროშინაძემ.
დაზარალებული ქალბატონი ამჟამად ბინაზე გადის მკურნალობას.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 თვეში, ეს ჩოხატაურში მომხდარი მეექვსე ყაჩაღობაა და ამ დრომდე ყველა გაუხსნელია.