"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრი, თამარ ნადირიძე განცხადებას აქვეყნებს:
"ოზურგეთის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის სხდომა თავისი მნიშვნელობითა და შედეგებით ყველა სხვა სხდომაზე განსაკუთრებულია, რადგანაც ამ დღემ აჩვენა, რომ საკრებულოს აქვს იმის პოტენციალი, რომ სრულფასოვნად განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები, ამასთანავე ცხადი გახდა საკრებულო არ აპირებს შეეგუოს ოზურგეთზე აბსოლუტურ კონტროლს ნებისმიერი პირის მხრიდან.
მიმაჩნია, რომ მერიის მხრიდან სრულიად დაუსაბუთებლად და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ორი მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვაზე თანხმობის მოთხოვნა გარდა იმისა, რომ კორუფციის მაღალი რისკის შემცველი მოქმედება გახლდათ, ამასთანავე იყო კანონმდებლობისა და საკრებულოს აშკარა უპატივცემულობა.
უპასუხოდ დარჩა ჩემი მოთხოვნა საკრებულოსათვის გაეცნოთ იმ პირთა ვინაობა ვინც მერიისგან ითხოვდა მათზე პირდაპირი წესით მიწის ნაკვეთების განკარგვას, ასევე უცნობია რა პირობებს გვთავაზობდა ნაკვეთებით დაინტერესებული პირები. ამ კითხვებს ახლაც ვსვამ და მოვითხოვ მერიისგან იმ განცხადებების გასაჯაროებას, რომლითაც მოთხოვნილი იყო ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვა.
ასევე, მოვითხოვ მერიისგან საზოგადოებას გააცნონ ერთ წელიწადში ოზურგეთის აშენების გეგმა, რის თაობაზეც გააკეთა განცხადება საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მერმა.
ბოლოს მადლობა მინდა გადავუხადო ყველა საკრებულოს წევრს, რომლებმაც პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ჩვენი ქალაქის მოსახლეობის ინტერესები დააყენა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები არც მომავალში შეგვიშლის ხელს გავერთიანდეთ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების გარშემო" _ წერს ნადირაძე