ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმითმ "დღეს უკვე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია".
_ ეს არც პირველია და არც უკანასკნელი მსოფლიოში. დავძლევთ როგორმე. სამწუხაროდ, ყველაფერს თავისი ფასი აქვს და გააჩნია, რის ფასად მოხდება მისი დაძლევა.
მთავარია მთავრობამ, იმ შეცდომებს, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა, არ დაუმატოს კიდევ უფრო მეტი და არ დაუდოს საფუძველი ეკონომიკის ნგრევას.
ნურავინ შეეწინააღმდეგება ფასების საბაზრო წარმოქმნას და პოლიტიკური მიტივით გაზზე, ელექტროენერგიაზე და სხვა საქონელზე რეგულირებადი ფასების ზრდის შეჩერებას. ეს იქნება მხოლოდ დროებითი, შეკუმშული ზამბარის ეფექტის მქონე, რომელიც მძიმედ დაარტყამს უკუვარდნისას მთელს ქვეყანას და განსაკუთრებით ხელისუფლებას.
უნდა შეწყდეს დემაგოგიური და არაკომპეტენტური დაპირებები წამლებისა და სხვა საქონლის სუბსიდირების შესახებ. ამის რესურსი ქვეყანას არა აქვს. მისი მცდელობა ამ ბაზარსაც მოშლის და შედეგიც ნულის ტოლი იქნება.
მთავრობამ უნდა მიხედოს ყველაზე დაუცველ ადამიანებს!
ახლა მთავარია მაკროეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება. ყოველი მცდელობა რეიტინგის შენარჩუნების კონტექსტში ქმედებისა, იმ რეიტინგსაც ნულამდე დასცემს და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც.
შეკვეცა ჩინოვნიკების რაოდენობასა და ხელფასებს არ შეეხებაო! ნურას უკაცრავად! როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, პარტიული მხარდამჭერები, გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ ხალხი, _ წერს გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.